საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიევში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, თამარ მარგოშვილის, თქმით, თემურ მახაური საქართველოში, სავარაუდოდ, 12 სექტემბერს ჩამოასვენეს და იმავე დღეს დაკრძალეს.
მარგოშვილის განმარტებით, ინფორმაცია ადგილობრივებზე დაყრდნობით აქვს.
„სოფელ დუისის მცხოვრებელები ადასტურებენ, რომ პაპასკირი აღნიშნულ სოფელში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. კვირის რომელ დღეს იყო, დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, სამშაბათს ჩამოასვენეს და ამავე დღეს დაკრძალეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაკრძალვისას სოფელში მანქანების დიდი კოლონა შემოვიდა,“ – განაცხადა თამარ მარგოშვილმა.
დუისში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივების ინფორმაციით, თემურ მახაურს სოფელ ყვარელწყალში სახლი აქვს, თუმცა, პირადად მან ამის თაობაზე დანამდვილებით არ იცის.
კიევში აფეთქება, რომელსაც თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი ემსხვერპლა, 9 სექტემბერს მოხდა.