დანიაში თეთრი ყარყატის პოპულაციის რეკორდული ზრდა დააფიქსირეს. ამჟამად ქვეყანაში 13 წყვილი ბუდობს და 33 ბარტყსაც ზრდის, მსგავსი რამ კი ბოლო 40 წლის განმავლობაში არ მომხდარა. შედარებისთვის, გასულ წელს მხოლოდ 15 ბარტყი დაიბადა, წერს Energy news-ი.
თეთრი ყარყატი XX საუკუნეში დანიიდან პრაქტიკულად გაუჩინარდა. ეს გამოწვეული იყო ჭაობების დაშრობით და სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარებით. 2008 წელს ისინი ოფიციალურადაც კი აღიარეს ქვეყნიდან გამქრალ სახეობად. თუმცა, ახლა ფრინველი ნელ-ნელა უკან ბრუნდება.
მეცნიერები ამ მოვლენას უფრო თბილ ზამთარს უკავშირებენ. კლიმატის ცვლილების შედეგად, ყარყატებს აღარ სჭირდებათ აფრიკაში გადაფრენა – ბევრი მათგანი ზამთარს სამხრეთ ევროპაში ატარებს.
ადგილობრივი მოსახლეობა და ეკოლოგები ფრინველებს აქტიურად ეხმარებიან: აწყობენ ბუდეებს და კვებავენ ბარტყებს. ზოგიერთი ყარყატი GPS-თრექერებითაც არის აღჭურვილი, რაც მათ მიგრაციულ მარშრუტებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.
დანიაში მიიჩნევენ, რომ ყარყატს იღბალი მოაქვს. ორნითოლოგები იმედოვნებენ, რომ თუ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თეთრი ყარყატი კვლავ დანიის მუდმივი ბინადარი გახდება.