მრავალპროფილური კლინიკა „ჯერარსი“, რომელიც მუხიანის ქუჩის N2ა-ში მდებარეობს, 2019 წელს გაიხსნა. კლინიკის პროექტი შემუშავებულია ისრაელის წამყვან ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. დღეისთვის ის ბაზარზე ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი.
ირმა მჟავანაძე, კლინიკის „ჯერარსი“ გენერალური დირექტორი:
– ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, „ჯერარსი“ ქცეულიყო სივრცედ, სადაც პაციენტები მიიღებდნენ არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურებას, არამედ კომპლექსურ ზრუნვას. ამასთან, ქცეულიყო ისეთ კლინიკად, სადაც საერთაშორისო სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები, მაღალკვალიფიციური პერსონალი და რაც მთავარია, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა ერთიან სისტემად ჩამოყალიბდებოდა. ჩვენს კლინიკაში პაციენტი არ განიხილება ერთეულ სამედიცინო შემთხვევად. მის პრობლემებთან და საჭიროებებთან ერთად, ყურადღებას ვუთმობთ, თუნდაც, მის შიშებს, მოლოდინებს. „ჯერარსში“ პაციენტს ხვდება გარემო, სადაც მას შეუძლია მიიღოს უწყვეტი, თანმიმდევრული სამედიცინო მომსახურება – მარტივი დიაგნოსტიკური მკურნალობიდან დაწყებული, ურთულესი ქირურგიული ჩარევით დამთავრებული.

ირაკლი ღლონტი, კლინიკის „ჯერარსი“ კლინიკური დირექტორი:
– კლინიკა „ჯერარსი“ მრავალპროფილურია, თუმცა არსებობს სერვისები, რომლებიც სწრაფად მზარდია. ესენია ტრანსპლანტაცია, ონკოქირურგია და ნეიროქირურგია. 2025 წელს დავიწყეთ ორგანოთა გადანერგვა (ჯერჯერობით, მხოლოდ თირკმლის გადანერგვა ხორციელდება). 2026 წელს ჩვენთვის პრიორიტეტულია ღვიძლის გადანერგვის დაწყება, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კლინიკა თავისი ინფრასტრუქტურით, სადიაგნოსტიკო საშუალებებითა და მულტიპროფილური გუნდით მზად არის შეეჭიდოს ასეთ რთულ მიმართულებებს. „ჯერარსში“ ახალი მიმართულებები იხსნება ეტაპობრივად, საპილოტე რეჟიმში და მხოლოდ დაკვირვების შემდეგ ყალიბდება უკვე სრულფასოვანი სერვისად. ეს გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ არა უბრალოდ ახალი სერვისი, არამედ მდგრადი სამედიცინო მიმართულება. აღსანიშნავია სამედიცინო ტურიზმიც, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციითაა მოთხოვნილი და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც.

– ქალბატონო ირმა, ცოტა ხნის წინ, ქართული ბრენდის დღეზე, „ჯერარსმა“ მოიპოვა ჯილდო ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“. რას ნიშნავს ეს აღიარება თქვენთვის?
– უპირველესად, დიდი მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ეს ნომინაცია. „რეპუტაცია და ნდობა“ არ არის მხოლოდ სტატუსი, ეს არის ყოველდღიური პასუხისმგებლობა პაციენტების, მათი ოჯახის წევრების, მთლიანად საზოგადოების წინაშე. გვიხარია, რომ „ჯერარსი“ ერთგულებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა პროფესიონალიზმი და თანმიმდევრული განვითარება. დიდი მადლობა ეკუთვნის კლინიკის თითოეულ თანამშრომელს (სამედიცინო პერსონალს, ტექნიკურ გუნდს, ადმინისტრაციას), ისინი ქმნიან გარემოს, სადაც პაციენტს შეუძლია იყოს მშვიდად. ჩვენთვის, სამედიცინო სერვისის მიწოდებასთან ერთად, მნიშვნელოვანია პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ემპათიური დამოკიდებულების გამოჩენა. ეს ჯილდო გვავალდებულებს, მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ პაციენტებს და უფრო მეტად განვავითაროთ კლინიკა.

– ბატონო ირაკლი, როგორია „ჯერარსის“ პოლიტიკა მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების კუთხით?
– კადრები ჩვენი მთავარი კაპიტალია. „ჯერარსი“ არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი, ეს არის პროფესიული გარემო, სადაც ადამიანი ვითარდება. ჩვენ კადრებს ვარჩევთ არა მხოლოდ გამოცდილებით, არამედ მათი ღირებულებებით, პასუხისმგებლობით, ხარისხზე ორიენტირებულობით და რაც მთავარია, გუნდურობით, რადგან გუნდური მუშაობა ჩვენს პროფესიაში უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება კადრების მუდმივ განვითარებას, ჩვენთვის ეს პროცესი ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმად იქცა. კლინიკაში მუდმივად ტარდება ტრენინგები, განვიხილავთ საინტერესო და რთულ სამედიცინო შემთხვევებს. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიდგომა გახდა ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე. კლინიკაში მოდიან სპეციალისტები არა მხოლოდ ხელფასისთვის, არამედ პროფესიული და კომფორტული გარემოსთვის.

– ქალბატონო ირმა, რა არის „ჯერარსის“ სტრატეგიული პრიორიტეტები უახლოესი მომავლისთვის?
– ახალი სერვისების დამატებასთან ერთად, პრიორიტეტულია გაფართოება და ჩვენთვის ზრდა მნიშვნელოვანია ხარისხის თვალსაზრისითაც. გვიხარია, რომ „ჯერარსში“ შემოსულ პაციენტს შეგვიძლია შევთავაზოთ მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკა, მაღალტექნოლოგიური კვლევები არაერთი მიმართულებით, ამბულატორიული, სტაციონარული, გადაუდებელი, გეგმური მომსახურება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან მოხვედრილ პაციენტს ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერი სერვისის მიღება, ანუ არ უწევს საკუთარი საჭიროებების სხვადასხვა კლინიკაზე მორგება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში, ასევე ვთანამშრომლობთ რიგ სადაზღვევო კომპანიებთან. ყოველთვის ვამბობთ, „მადლობა, ვინც გვირჩევს“, იმიტომ, რომ ისინი გვანდობენ ყველაზე მნიშვნელოვანს – ჯანმრთელობას. იმედი გვაქვს, უფრო მეტად გავამართლებთ პაციენტების ნდობას.