LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საქართველო” სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებას ითხოვს

20171203025621

„ევროპული საქართველო” სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებას ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთო კახიძემ განუცხადა. მისი თქმით, თუ ფორმატი არ შეიცვლება, პარტია შეხვედრებს გამოეთიშება.

“ევროპულმა საქართველომ” დააყენა საკითხი სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთელი შემადგენლობაა წარმოდგენილი, ასევე ის პირები, ვინც იმ 10-კაციან სიაში იყვნენ. არასამთავრობოს სექტორიდან შეხვედრას ესწრება ლევან მურუსიძე “მოსამართლეთა ასოციაციის” სახელით და ეს არ არის ფორმატი, სადაც ჩვენ ვხედავთ რამე აზრს, რომ რეალურად განვიხილოთ საქმიანი წინადადებები. ამიტომ შეთავაზება გვაქვს, რომ კვოტები განისაზღვროს – მოსამართლეთა წარმომადგენლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, არამოსამართლე წევრები, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორი უფრო სერიოზული შემადგენლობით და ასევე პოლიტიკური ჯგუფები. უნდა შემცირდეს ჯგუფის შემადგენლობა, რომ შესაძლებელი იყოს მუშაობა. უნდა გაიწეროს დებულება, რადგან დღეს ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული. ეს ჯგუფი თავის დროზე ჩამოყალიბებულია იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს აჩვენონ, თითქოს რეფორმებს ახორციელებენ, მაგრამ ვხედავთ რა შედეგებიც აქვს ამ რეფორმებს. ამიტომ დავაყენე კონკრეტული წინადადებები, რაც ამ შეხვედრაზე არ გაიზიარეს. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ შეხვედრამდე ამ ფორმატის ცვლილება მოხდება, თუ არადა ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობას არ მივიღებთ და საპარლამენტო ფორმატებში გავაგრძელებთ ჩვენი ინიციატივების ლობირებას.

რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” წინადადებებს, როგორც კახიძემ აღნიშნა, მომზადებულია ცვლილებათა პაკეტი, სადაც აღნიშნულია კრიტერიუმების შემუშავების და პროცედურების გაწერის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ “რედისონ ბლუ ივერიაში” ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

პოპულალურები