კოალიცია „ცვლილებისთვის“ არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმთან, არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების პროცესში, – ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რაც ასევე ხელმოწერით დაადასტურეს.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მომავალი მთავრობა უნდა იყოს ქართველი ხალხის ნების, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციური მთავრობა.
„47 დღეში იქნება დღე, რომელიც ამ ქვეყანაში მოიტანს ცვლილებას. ყველა მონაცემით, ყველა შეხვედრაზე, ყველა შეგრძნებით, ქართველ ხალხს დღეს აერთიანებს მტკიცე და ძლიერი სურვილი ცვლილების, რომელიც შესაძლებელია. ჩვენ, როგორც კოალიცია “ცვლილებისთვის”, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ აღვასრულოთ ხალხის სურვილი და ყველა ხელოვნური ბარიერი, რომელიც ამ ცვლილებას შეიძლება წინ დახვდეს, გავწიოთ და განვახორციელოთ ხალხის მანდატი. შესაბამისად, ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს, ეს არის ის, რომ ხალხი არჩევნებზე არ მივიდეს. ხოლო მეორე, რაც მათ შეიძლება თავში ჰქონდეთ, ესაა მოსყიდვა, გარიგება იმ ადამიანების, რომლებიც იქნებიან არჩეულები. შესაბამისად, კოალიცია “ცვლილებისთვის” გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტის არჩეული ყველა წევრი საჯაროდ და მკაფიოდ დააფიქსირებს პირობას, რომ არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან” მთავრობის ფორმირებაში. მომავალი მთავრობა იქნება ქართველი ხალხის ნების, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციური მთავრობა. სწორედ ამ პირობას დავდებთ დღეს ყველა ერთად და მიმაჩნია, რომ პარლამენტის ყველა წევრი უნდა დებდეს ამ პირობას საჯაროდ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.