სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის პატიმრობაში დატოვების შესახებ, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
რამდენიმე პოლიტიკოსმა პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართა. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე და „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
აღნიშნულ მოთხოვნას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა თავად პრეზიდენტის მხრიდან:
„ევროპული სახელმწიფო, მათ შორის, ნიშნავს სასამართლოს პატივისცემასაც, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერც ასე, ვერც ისე ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, მით უმეტეს, ამ გადაწყვეტილების მიმართ.
რაც შეეხება შეწყალებას, ამაზე პოზიცია დაფიქსირებული მაქვს, თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია. როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო არა მხოლოდ პირადად მისი, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე:
ზარქუა გვარამიაზე: რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა
გვარამიას ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ გადაწყვეტილებას მძიმედ ინანებენ
გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“