მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას 100-ჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებს, ვიდრე ამის გაკეთება “ალტ-ინფოს” შეუძლია.
ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ პრორუსული პარტიებსა და იმ მედიასაშუალებებზე საუბრის დროს განაცხადა, რომლებიც, მისივე თქმით, სიძულვილისა და პოლარიზაციის პროპაგანდას ეწევიან:
“პრორუსული პარტიები, სამწუხაროდ, ჩვენ პარლამენტშიც გვყავს. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუ ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში რაიმე რეაგირება შეიძლება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება.
იგივე ეხებათ ტელევიზიებსაც. საქართველოში არის არაერთი ტელევიზია, რომელიც აგრესიის, სიძულვილის, პოლარიზაციის პროპაგანდას ახორციელებს და აქაც, სამწუხაროდ, კანონმდებლობა არის უძლური. მე მგონი, ისინიც რუსეთიდან ფინანსდებიან.
“ნაციონალური მოძრაობა” ბევრად უფრო მძიმეა, იმიტომ რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობენ, არჩევნებში გარკვეულ წარმატებებს აღწევენ, მათ ბევრად უფრო გავლენიანი მედია რესურსები აქვთ. შესაბამისად, ისინი სახელმწიფოს 100-ჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ, ვიდრე ამის გაკეთება “ალტ-ინფოს” შეუძლია”, – თქვა კობახიძემ.
აშკარაა, პრეზიდენტმა უკან დაიხია, ხვდება, რომ ელჩების დანიშვნა მისი კომპეტენცია არ არის – კობახიძე