პარლამენტის თავმჯდომარე NDI-ის კვლევის იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც პოლიტიკოსების რეიტინგზეა საუბარი.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი ყველაზე კარგად არჩევნებმა აჩვენა.
„მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი უკვე არის ზღაპარი. ეს ძალიან კარგად იხილეთ ამ არჩევნებში. პასუხი გაეცა მას ამ არჩევნებზე ძალიან მკაფიოდ. მისი მეუღლე იღებდა ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას და დაფიქსირდა მოსახლეობის განწყობა „ნაციონალური მოძრაობის“, სააკაშვილის მიმართ და სხვანაირად შეუძლებელიც არის. ვხედავთ, რომ რღვევის პირას არის უკვე ეს პარტია და მათთვის ის 43%-ც შეიძლება გახდეს საოცნებო, რაც ზუგდიდში მიიღეს“,- აღნიშნა კობახიძემ.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი და თბილისის მერი ლიდერობენ.
გამოკითხული მოსახლეობის 40%-ს დადებითი დამოკიდებულება დავით სერგეენკოს მიმართ აქვს, 40% აფასებს დადებითად კახი კალაძეს.
მესამე ადგილს კი საქართველოს მესამე პრეზიდენტი იკავებს. მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოკითხულების 31% ასახელებს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
