„თუ ასეთი რამ მოხდება, ბუნებრივია, შესაბამისად გვექნება მსჯელობის შესაძლებლობა, მაგრამ ამ კობახიძის რაღაცა ნანერვიულებ ბოდვით აშლილობაზე, უბრალოდ, რთულია რაიმე კომენტარი გააკეთო,“ – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარემ, საბა ბუაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რა დროსაც კობახიძემ თქვა, რომ სავარაუდოდ, არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
„კობახიძეს ვურჩევდი, რომ ძილის წინ რაიმე დამამშვიდებელი მიიღოს, რომ ასეთი აბსურდული სიზმრები აღარ ნახოს. ეს არის მათი სპეკულაცია. ბუნებრივია, მათი სპეკულაცია მათი ღელვის გამოხატულებაა და ის, რომ ამ ღელვის ნაწილი არის „ლელო“ სრულიად ბუნებრივია.
ჩვენ ვართ მზარდი პოლიტიკური პარტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებაში.
დღეს პრეზიდენტი არის ზეპარტიული. დღეს პრეზიდენტი არანაირ პერსონალურ პოლიტიკურ საქმიანობაში არ მონაწილეობს და დაკავებულია ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოების განწყობის მობილიზებით. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პროცესში ძალიან ჯანსაღ და ცალსახა საზოგადოების გამომხატველ აზრს აფიქსირებდა. ამიტომ, ჩვენ ვუჭერდით და ვუჭერთ ამ მიმართულებით პრეზიდენტს მხარს. ამის მიღმა ჩვენ, ბუნებრივია, ვერ ვიყურებით.
პრეზიდენტი ახლა ასრულებს კონკრეტულ როლს, მათ შორის იკავებს კონკრეტულ თანამდებობას. ამის იქით რა იქნება არავინ იცის, ამიტომ ჩვენ ამ სპეკულაციებზე, ბუნებრივია, ვერაფერს ვიტყვით,“ – თქვა საბა ბუაძემ.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას, საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ უნგრეთი, შესაძლოა, იყოს ევროკავშირის შიდა პოლიტიკური საკითხის ფაქტორი, თუმცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გაცილებით დიდ გავლენას საქართველოს მთავრობა ახდენს.
„უნგრეთი ეს არის ევროკავშირის შიდა პოლიტიკური საკითხი, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ფაქტორი, მაგრამ ამაზე გაცილებით დიდი ფაქტორია [საქართველოს] ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება და რომელიც ჯიუტად აცხადებს უარს რეკომენდაციების და იმ 9 პრიორიტეტის შესრულებაზე, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს განუსაზღვრა“, – განაცხადა ბუაძემ.
საბა ბუაძე, ასევე, 15 დეკემბერს, სტატუსის მიღების საკითხზე დაგეგმილ საერთო სახალხო ზეიმსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება შიდაპოლიტიკური შეკრება იქნება და ხალხის საზეიმო განწყობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ეს არის რაღაც შიდა პარტიული შეკრება, რომლითაც ისინი ცდილობენ, გადაფარონ მთელი ის ზიანი, რომელიც ქვეყანას მიაყენეს. ამას საერთო არაფერი აქვს არც ხალხის საზეიმო განწყობასთან და არც სულისკვეთებასთან. რაღაცას რომ ზეიმობ, მონაწილე უნდა იყო შენი ქმედებით და განწყობით. ქმედებით ისინი არათუ რეკომენდაციას ასრულებდნენ, არამედ საბოტაჟს ეწეოდნენ. განწყობას რაც შეეხება, ახლაც კარგად მახსოვს კალაძის განცხადებები: „თავისთვის შეინახონ სტატუსი“, როცა ევროპარლამენტარებს ლანძღავდნენ მათი კრიტიკული მოსაზრების გამო, როცა ამბობდნენ, რომ „ჩვენ ასეთი ევროპა არ გვინდა“, „ევროპას უნდა საქართველოს ომში ჩართვა“ – ეს იყო მათი რიტორიკა და ახლა უცებ შემოტრიალდებიან და იზეიმებენ და ვინმე ამას დაიჯერებს? – ეს იქნება კოორდინატორების ზეიმი და კოორდინატორების ექსკურსია თბილისში,“ – განაცხადა საბა ბუაძემ.