სოციალური საწარმო „კოდალას“ პროდუქცია უკვე „ამაზონზეა“. საქართველოში დამზადებული ხის სათამაშოების ყიდვა უცხოელ მომხმარებელსაც შეუძლია. „ამაზონის“ პლატფორმის გარდა, „კოდალას“ სათამაშოები ამერიკის ბაზარზეც გავა.
რამდენიმე დღის წინ უკვე გაიგზავნა სატესტო პროდუქცია აშშ-ში.
სოციალური საწარმო „კოდალა“ 2016 წელს დაფუძნდა, რომელიც 25-მდე თანამშრომელს ასაქმებს. აქედან 14 შშმ პირსა და ერთ პრობაციონერს. უახლოეს მომავალში „კოდალა“ მსჯავრდადებულების დასაქმებასაც გეგმავს.
სტუმრად „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად, კოტე სვანაძე – „კოდალას“ დამფუძნებელი საუბრობს.

– მახსოვს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ თქვენ ჩვენი სტუმარი იყავით და საუბრობდით პანდემია როგორ გადაიტანეთ. მიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ ასეთი კარგი სიახლე გაქვთ.. თქვენი პროდუქცია „ამაზონზე“ გავა.
– წინა პერიოდი ნამდვილად უფრო ნაყოფიერი გამოდგა მიუხედავად კოვიდპანდემიისა. ჩვენ მოვახდინეთ წარმოების გაფართოება. ჩვენი გეგმა, რაც იყო 2022 წელს, რომ ევროპის ბაზარზე გავსულიყავით და ქართული ბრენდი წარმოგვედგინა, ამას მივაღწიეთ. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია იყიდება „ამაზონზე“.
პირველ ეტაპზე ჩვენ ვფარავთ გერმანიის „ამაზონის“ ბაზარს და ევროპის „ამაზონს“. ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე ბაზართან, ჩვენი სატესტო პირველი პროდუქცია გზაშია, რომლის უკუკავშირსაც ველოდები და შემდგომ უკვე ამერიკის ბაზარზეც აქტიურად ვაპირებთ შესვლას.
– ეს წარმოება თავისთავად გამოიწვევდა დასაქმებულების ზრდასაც, როგორც წესი პრობლემაა ხოლმე პროფესიონალების პოვნა, როგორ გაართვით ამ პრობლემას თავი?
– გეთანხმებით, ეს საკითხი ნამდვილად პრობლემაა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ჩვენ განსაკუთრებულად გვიჭირს, რადგან სპეციფიკური სამუშაო გვაქვს. გვჭირდება ოსტატები, რომლებსაც გარკვეული უნარები გააჩნიათ.
კარგი კოლაბორაცია გამოგვივიდა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან.
„კოდალა“ პირველი კომპანია იქნება, რომელიც ადგილობრივ წარმოებას უშუალოდ დაწესებულებაში გახსნის. დასაქმებულები იქნებიან უშუალოდ მსჯავრდებულები, რომლებიც ამჯერად იხდიან სასჯელს და მოგვიანებით კი მათ შევთავაზებთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენს საწარმოში დასაქმდნენ.
– შესაბამისად ალბათ ანაზღაურებასაც მიიღებენ..
– რა თქმა უნდა. ისინი მიიღებენ იმავე ანაზღაურებას, რომელსაც ჩვენი თანამშრომელი იღებს.
– უკვე იცით თუ არა, როდიდან და რომელ დაწესებულებაში მოხდება მსჯავრდებულების დასაქმება.
– შემდეგ კვირაში შევდივართ დაწესებულებაში, სადაც არის უკვე გამოყოფილი შესაბამისი ადგილი და ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე შევქმნით 5-დან 8 სამუშაო ადგილს. გვინდა, რომ გავაორმაგოთ ეს რიცხვი.
– პროდუქცია ხარისხს თუ ინარჩუნებს?
– როდესაც გერმანიის და ევროპის „ამაზონის“ ბაზარზე გადიხარ, იქ თუ ხარისხი არ გვექნება, ვერ მივიღებთ შედეგებს. ჩვენ გვიხარია, რომ ძალიან კარგი უკუკავშირი გვაქვს. რაც თავისთავად მოქმედებს ჩვენ ხარისხზე. ჩვენ გაზრდა-გაფართოების კუთხით რადგან ბევრი გეგმა გვაქვს, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ხარისხს.
– მნიშვნელოვანია ალბათ სოციალური პასუხისმგებლობა, რასაც ისედაც ატარებს თქვენი კომპანია. როგორც სოციალური საწარმო ამ მიმართულებით ხომ არ გაქვთ გეგმა, რომ თქვენი სახელი კიდევ უფრო მეტად გაამართლოთ?
– ფაქტობრივად, რასაც ახლა ვიწყებთ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთად, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის მეორე სეგმენტი. პირველი ჩვენი სეგმენტი იყო შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობა.

ამ მიმართულებით „კოდალას“ ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი აქვს სოციალურ საწარმოებს შორის და არამარტო მცირე და საშუალო ბიზნესს შორის. მეორე სეგმენტი, როგორც გითხარით, გათვლილი იქნება მსჯავრდადებულებსა და პრობაციონერებზე. ისინი იქნებიან მოწყვლადი ჯგუფები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვფიქრობთ, დამატებით ხუთიდან რვა სამუშაო ადგილის შექმნას და შემდგომ კი ამ რიცხვის გაორმაგებას.
საერთო ჯამში, ეს არაა პატარა შედეგი ჩვენი ტიპის კომპანიისთვის. ჩვენ ორიენტირებულები ვართ სამუშაო ადგილების შექმნაზე და ჩვენი სპეციფიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ გარკვეული სამუშაოები მოვარგოთ ბენეფიციარებს, იმისთვის, რომ ამით უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ როგორც ჩვენი წარმოება, ისე ამ ბაზარზე ოპერირება.