კომპანია ”კოდამ” ქათმის ხორცის წარმოება განაახლა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა განუცხადა, ქართული წარმოების ქათმის ხორცი რეალიზაციაში უკვე 10 დღეში გამოჩნდება, რაც შეეხება ფასებს – ისინი საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება.
”მართალია იმპორტირებული პროდუქციის ფასებთან კონკურენციის გაწევა გაგვიჭირდება, მათი დაბალი ღირებულების გამო, თუმცა იმედი მაქვს, რომ მომხმარებელი უპირატესობას ადგილობრივი წარმოების, უმაღლესი ხარისხის, ნატურალურ ქათმის ხორცს მიანიჭებს და მისი რეალიზაცია არ გართულდება”, – განმარტა ჭუჭულაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ”კოდას” ერთი კილოგრამი ხორცი საშუალოდ 5,80 ლარი ეღირება. პროდუქცია გასაყიდად საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა დიდ სავაჭრო ქსელსა და თვითონ ”კოდას” მაღაზიებში გაიყიდება.
”საწყის ეტაპზე ყოველთვიურად 90 ტონამდე ხორცს ვაწარმოებთ. შემდეგ კი მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოებას გავზრდით. რაც შეეხება ხორცის დაფასოებას, გვაქვს რამდენიმე შეფუთვაში – კილოიანი, კილო და 100 გრამიანი, კილო და 200 გრამიანი , ასევე კილო და 300 გრამიანი”, – აღნიშნა შპს ”კოდას” გენერალურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, დაფასოების პროცესი კომპანიას ახალმა გერმანულმა დანადგარმა გაუმარტივა, რომელიც ”კოდას” საწარმოში ახლახანს დამონტაჟდა.
ცნობისთვის, ”კოდამ” ხორცის წარმოება 3 წლის წინ შეაჩერა, რისი მიზეზიც დღგ გახდა. შ.პ.ს. “პოულტრი ჯორჯია” იგივე ”კოდა” 2002 წელს, სს “ თბილისის სანაშენე რეპროდუქტორის” და სს “კოდას” ბაზაზე დაარსდა.