საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე 6 ქვეყანაში – აშშ-ში, გერმანიაში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაინიშნებიან.
„მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების კუთხით, გვაქვს კომპლექსური გეგმა და ამ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ. ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ კომერციული ატაშეების ინსტიტუტის დანერგვა. ეს იქნება დიპლომატიური რანგის მქონე თანამშრომელი, რომლის მოვალეობაც უშუალოდ იქნება საქართველოდან ექსპორტის წახალისება, ექსპორტიორების უფლებების დაცვა, ინვესტიციების, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ვიწყებთ 6 საპილოტე ქვეყნიდან. შევარჩიეთ აშშ, გერმანია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ჩინეთის სახახლო რესპუბლიკა. ეს არის დასაწყისი. ატაშეებს, რომლებიც ამ ქვეყნებში იქნებია დისლოცირებული, ექნებათ ფუნქცია, რომ გეოგრაფიულად ახლოს მყოფი ქვეყნების არეალიც მოიცვან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ პრიორიტეტულ ბაზრებზე კომერციული ატაშეების დისლოცირებას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული საქართველოდან ექსპორტის წახალისებისთვის და საქართველოში ინვესტიციების შემოტანისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, კომერციული ატაშეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, დაინიშნებიან უფროს დიპლომატიურ თანამდებობაზე. ატაშეს როტაციის ვადა 3 წელია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შერჩევის პროცესი 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს შემდეგ ეტაპებს – განაცხადების გადარჩევა, სხვადასხვა ეტაპზე რამდენიმე ფორმით შეფასება (წერითი დავალება, პრეზენტაცია, ენის ცოდნის დადგენა, გასაუბრება და ა.შ.) და სავალდებულო სწავლება.
კანდიდატს მოეთხოვება არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3- წლიანი გამოცდილება; არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სტრუქტურაში საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. კონკრეტული ქვეყნების მიხედვით დადგენილია ასევე უცხო ენების ცოდნის ვალდებულებაც.
საკონკურსო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და გაგრძელდება 14 დღის განმავლობაში. განაცხადის შეტანის მსურველებმა განაცხადი დასაქმების სახელმწიფო პორტალის HR.GOV.GE საშუალებით უნდა გააგზავნონ. დეტალური ინფორმაცია განთავსებული იქნება ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც. საკონკურსო განაცხადი ასევე განთავსდება დასაქმების სხვა საიტებზეც.