LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია უფროსების გარეშე – დანიური ბიზნესი, რომელსაც 500 თანამშრომელი ერთობლივად მართავს 

135
ქირიას NEWS შაბლონი (3)

დანიურ კომპანიაში, რომელიც ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების უდიდეს ქსელს მართავს, ტრადიციული კორპორაციული იერარქია პრაქტიკულად აღარ არსებობს. კომპანია Clever-ში აღარ არიან უფროსები, საშუალო რგოლის მენეჯერები და არც ისეთი პოზიციები, რომელთა დასახელებაშიც სიტყვა „მენეჯერი“ ფიგურირებს. ამის ნაცვლად, ბიზნესის მართვაში 500-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობს.

კომპანიის მოდელის ავტორია თანადამფუძნებელი კასპერ კირკეტერპ მოლერი, რომელმაც ეტაპობრივად გააუქმა მმართველობის სხვადასხვა საფეხური და საბოლოოდ საკუთარი CEO-ს პოზიციაც გააქრო. პროცესი 2019 წელს დაიწყო და რამდენიმე წელიწადში სრულად ჩამოყალიბდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში უფროსები აღარ არსებობენ, ორგანიზაცია ქაოსურად არ მუშაობს. დაახლოებით 500 თანამშრომელი 50-ზე მეტ დამოუკიდებელ გუნდშია განაწილებული. თითოეულ ჯგუფში საშუალოდ 8-12 ადამიანი მუშაობს და მათ კონკრეტული ამოცანები და პასუხისმგებლობები აქვთ განსაზღვრული. გადაწყვეტილებები კოლექტიურად მიიღება, ხოლო მათი შესრულებაც თავად თანამშრომლების პასუხისმგებლობაა.

კომპანიის დამფუძნებლის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ბიზნესის კონკურენტული უპირატესობა აღარ იქნება მხოლოდ ეფექტურობა. მისი აზრით, როდესაც AI სულ უფრო მეტ პროცესს ხდის ავტომატურს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადამიანური უნარები – კრეატიულობა, თანამშრომლობა, ინიციატივა და ინოვაცია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Clever-მა ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და თანამშრომლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭება.

მოდელს აკადემიური წრეებიც აკვირდებიან. ჰელგე ჰვიდი აღნიშნავს, რომ თანამედროვე თანამშრომლებს უფრო მეტად სურთ მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში და საკუთარი საქმიანობის მიმართ პასუხისმგებლობის განცდა. მისი თქმით, ზედმეტად ბიუროკრატიული სტრუქტურები ხშირად ანელებს ბიზნესს და აფერხებს სწრაფ რეაგირებას.

კომპანიის შიდა კვლევის თანახმად, თანამშრომლების 92% აცხადებს, რომ სამსახურში სიარულით კმაყოფილია. თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ თანასწორობის მოდელი ამცირებს შიდა კონკურენციას და გუნდურ მუშაობას აძლიერებს.

მნიშვნელოვანია, რომ Clever-ის უნიკალური მოდელი კომპანიის დამფუძნებლის წასვლის შემდეგაც შენარჩუნდება. დანიურმა ენერგეტიკულმა ჯგუფმა Andel, რომელიც Clever-ს 2018 წლიდან ფლობს, უკვე დაადასტურა, რომ თვითმმართველობის სისტემა უცვლელად დარჩება.

ბიზნესანალიტიკოსების შეფასებით, Clever-ის მაგალითი აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის ეპოქაში კომპანიები სულ უფრო ხშირად ეძებენ მართვის ახალ მოდელებს, სადაც ტრადიციული იერარქია ადგილს თანამშრომელთა მეტ თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას უთმობს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები