„საპენსიო სააგენტო“ იმ კომპანიებს დააჯარიმებს, რომლებმაც საკუთარი 2%-იანი საპენსიო შენატანის გადახდაც დასაქმებულებს დააკისრეს და ამ მიზნით მათ ხელფასი შეუმცირეს.
როგორც „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა, ჯერჯერობით მათთვის არავის მოუმართავს, რომ დამსაქმებელმა აიძულა მისი წილი საპენსიო შენატანის გადახდა.
„თუმცა თუ მოქალაქე მოგვმართავს, ჩვენ აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება, რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ არ შეილახოს დასაქმებულის ინტერესები. დასაქმებულებს ასევე შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და ამგვარად დაიცვან საკუთარი უფლებები. ცხადია, დიდი კორპორაციები ასე არ იქცევიან და პირიქით, ისეთი მაგალითებიცაა, როდესაც დასაქმებულის ნაცვლადაც დამსაქმებელი იხდის 2%-იან შენატანს, თუმცა, თუ მოხდება დარღვევა, კომპანია 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდება,“ – განაცხადა სურგულაძემ.
მისივე ინფორმაციით, ასევე დაჯარიმდებიან ის კომპანიებიც, რომლებიც საპენსიო სისტემაში არ დარეგისტრირდნენ.
ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.