ფილმის წარმატებას ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად სწორად შერჩეული მუსიკალური გაფორმებაც განსაზღვრავს, თუმცა ზოგჯერ საუნდთრეკი საკუთარ ცხოვრებას იძენს და ფილმისგან დამოუკიდებლად მოიპოვებს პოპულარობას.
My Heart Will Go On – სელინ დიონი („ტიტანიკი“, ჯეიმს კამერონი) – მართალია, მუსიკალური კარიერა სელინ დიონმა 1980-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მსოფლიო აღიარება მხოლოდ 1997 წელს, ჯეიმს კამერონის „ტიტანიკის“ გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. მეტიც, სწორედ კომპოზიცია My Heart Will Go On ითვლება მუსიკოსის სავიზიტო ბარათად, რომელიც არა მხოლოდ მის უმსხვილეს ჰიტად, არამედ ყველაზე გაყიდვად სინგლად იქცა მუსიკის ისტორიაში.
თუმცა, თავიდან დიონმა დაიწუნა ჯეიმს ჰორნერის კომპოზიცია და უარი თქვა მის შესრულებაზე. არ მოიწონა სიმღერა არც ხმისჩამწერი სტუდიის The Hit Factory-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა, რომელიც პრაქტიკულად იძულებით დათანხმდა მუშაობას. ამბობენ თითქოს, სტუდიაში მისული დიონი საშინელ განწყობაზე იყო, რადგან ერთის მხრივ, მაღალი სიცხე ტანჯავდა, მეორეს მხრივ, ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა თავს, რადგან როგორც თვითონ ფიქრობდა, აბსოლუტურად უსარგებლო, მარცხისთვის განწირულ კომპოზიციაზე უწევდა დროის დაკარგვა.
პესიმისტური მოლოდინის მიუხედავად, უხალისოდ დაწყებული მუშაობა ნამდვილი ტრიუმფით დასრულდა, რადგან ვირტუოზული ვოკალური ტექნიკის მფლობელმა დიონმა სიმღერა ერთიანად, დუბლების გარეშე ჩაწერა და არა მხოლოდ აღაფრთოვანა, არამედ აატირა კიდეც სტუდიის მესვეურები, რომლებიც მასავით სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი სიმღერის მიმართ.
Stayin’ Alive – Bee Gees („შაბათი ღამის ციებ-ცხელება“, 1977, ჯონ ბედემი) – მუსიკოსები, ვინც ჯონ ბედემის „შაბათი ღამის ციებ-ცხელებას“, გააფორმებდა წინასწარ განისაზღვრა, რადგან საუნდთრეკის პროდიუსერი რობერტ სტიგვუდი პარალელურად ავსტრალიური ჯგუფის Bee Gees-ის მენეჯერიც იყო. ფილმზე მუშაობა სტიგვუდმა ძმებ გიბებს შესთავაზა, რომელთაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ რამდენიმე დღეში შექმნილი კომპოზიცია Stayin’ Alive მათი კარიერის უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი გახდებოდა.
აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დასაწყისში ავსტრალიელმა ძმებმა, რომელთა შემოქმედებას მეტწილად ფსიქოდელიური პოპ-ბალადები შეადგენდნენ, მხოლოდ ნაციონალური ჩარტის მეორე ათეულში შეძლეს ადგილის დამკვიდრება, ხანგრძლივი შემოქმედებითი კრიზისის შემდეგ კი, სრულიად განსხვავებული განწყობით, სტილით დაუბრუნდნენ მუსიკალურ სამყაროს და სწორედ „ციებ-ცხელების“ წყალობით მოიპოვეს ათწლეულის ყველაზე მოთხოვნადი მუსიკოსები სტატუსი, მათ მიერ შექმნილი საუნდთრეკი კი, რომელიც დამოუკიდებელ ალბომად გამოიცა, რამდენიმე წლით იქცა ყველაზე გაყიდვად ალბომად.
I Will Always Love You – უიტნი ჰიუსტონი („პირადი მცველი“, მიკ ჯექსონი) – მიკ ჯექსონის დრამაში „პირადი მცველი“, რომელიც 1992 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად დასახელდა, უითნი ჰიუსტონმა არა მხოლოდ მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავა, არამედ მთავარი როლიც შეასრულა. მართალია, მომღერალს მანამდეც უამრავი წარმატებული ჰიტი ჰქონდა, მაგრამ მსოფლიო აღიარება, სწორედ ლირიული ბალადით I Will Always Love You მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია, რომელიც დღეს უიღბლო სიყვარულის ჰიმნად ითვლება, სინამდვილეში 1973 წელს შექმნა დოლი პარტონმა. ქანთრი-მუსიკოსის აღიარებით, სიმღერა ყოფილ პარტნიორსა და კოლეგას პორტერ ვაგონერს მიეძღვნა, რომლის მიმართ რომანტიკული გრძნობები რომანის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნა. 1974 წელს ბალადა ალბომში Jolene შევიდა და Hot Country Songs-ის ჩარტის ლიდერობა მოიპოვა, 1992 წელს კი, კომპოზიციის სოულ-ვერსია ჰიუსტონმა შეასრულა და „გრემის“ ორი პრემიაც დაიმსახურა საუკეთესო ჩანაწერისა და ქალის პოპ-ვოკალის ნომინაციაში.
(I’ve Had) The Time of My Life – ბილ მედლი და ჯენიფერ უორენსი („ბინძური ცეკვები“, 1987, ემილ არდოლინო) – მართალია, „ბინძური ცეკვების“ პროდიუსერებმა სიმღერას The Time of My Life მარცხი უწინასწარმეტყველეს, მაგრამ სწორედ ფრენკ პრევიტის ავტორობით შექმნილმა კომპოზიციამ მოიპოვა „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“ და „გრემის“ პრემიები საუკეთესო სიმღერისა და პოპ-ვოკალის ნომინაციებში.
სხვათა შორის, 1987 წელს, პროდიუსერის ჯიმი იენერის შეთავაზებას – დაეწერა „ბინძური ცეკვებისთვის“ სიმღერა, პრევიტმა უარით უპასუხა, რადგან ჩათვალა, რომ ძველი მეგობარი ეროტიკული ფილმისთვის სთავაზობდა მუშაობას, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმდა სოლიდური ჰონორარის სანაცვლოდ, რადგან სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა.
პრევიტის მთავარ პრობლემად კომპოზიციის ქრონომეტრაჟი იქცა, რადგან რეჟისორის მოთხოვნით, ფინალური სიმღერა სულ მცირე 7 წუთს უნდა გაგრძელებულიყო. საბოლოო ვერსიის შექმნამდე კომპოზიტორმა 26 განსხვავებული ვარიანტი მოსინჯა დაა მაინც უკმაყოფილო დარჩა საბოლოო ვერსიით.
არანაკლებ რთული აღმოჩნდა ფილმზე მუშაობაც. როგორც გაირკვა, „ბინძური ცეკვები“ ავტორებსაც ისევე სძულდათ, როგორც მსახიობს, რადგან გადაღებები მუდმივი სკანდალისა და ურთიერთბრალდების ფონზე მიმდინარეობდა. პოზიტიური განწყობა გადასაღებ მოედანზე სწორედ პრევიტის სიმღერამ შექმნა, რომელმაც პატრიკ სვეიზის განცხადებით, ძალიან დაახლოვა შემოქმედებითი ჯგუფი. „მიხარია, თუ მართლა ფასეული კომპოზიცია შევქმენი, რადგან თვითონ მარცხისთვის უფრო ვემზადებოდი, ვიდრე წარმატებისთვის“, – აღნიშნა პრევიტმა, ვისთვისაც კომპოზიცია კარიერის საუკეთესო ნამუშევრად იქცა.