საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დანერგილი სიახლის მიხედვით მოქალაქეებს მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით შეუძლიათ, კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ. ასევე, შესაძლებელი ხდება ელექტრონული სახით შესაბამისი მონაცემების გამოთხოვა და მიმდინარე სააბონენტო ბალანსის შემოწმება. აღნიშნული მომსახურეობა უფასოა და ხელმისწვდომია ნებისმიერი ტიპის მობილური ტელეფონისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ მარეგულირებელი ეროვნული კომისია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
„*303# კოდით მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისთვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიების – სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ და სს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს” – წერია განცხადებაში.
მომსახურების პროგრამის ფუნქციონალი შექმნილია საკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“ მიერ. ამჟამად ხელმისაწვდომია „სილქნეტისა“ და „მაგთიკომის“ მომხმარებლებისთვის. უახლოეს მომავალში კი პროგრამით ისარგებლებენ „ბილაინის“ მომხმარებლებიც.