LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისია მედია აკადემიას აფუძნებს

213

საქართველოში მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით,  კომუნიკაციების ეროვნული კომისია  მედია აკადემიას აფუძნებს. კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის ინფორმაციით, მედიის განვითარებისთვის ღონისძიებები 4 ძირითადი მიმართულებით იგეგმება.

პირველი კომპონენტი, რომელიც მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში ამუშავდება, იქნება 3-6 თვიანი კურსი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის. კურსის მიზანია, მედიის წარმომადგენლებს მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს.

მეორე კომპონენტი მედია კრიტიკის განვითარებას გულისხმობს, რომელიც ერთის მხრივ, თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს, მეორე მხრივს კი, მომხმარებლებისთვის იქნება გზამკვლევი საინფორმაციო სამყაროში.

პროექტის მესამე კომპონენტი თავად მომხმარებლების ცოდნის ამაღლებაა, გაარჩიონ, რომელია ფეიკ-ნიუსი და რომელია სიმართლე.

მეოთხე, კომპონენტი არის მედია ლაბის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას. სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით შეიმუშავებენ საინტერესო პროექტებს, მიეცემათ შესაძლებლობა მედია ლაბში მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საინტერესო პროექტები.

პროექტის ფარგლებში საქართველოში ორკვირიანი ვიზიტით ცნობილი მედიამენეჯერი მიჩ სემელი იმყოფება. გავლენიანი მედია საშუალებების  (როგორიც არის CNN, CBS და Public Broadcasting Service) ყოფილი ხელმძღვანელი ქართველი ჟურნალისტებისთვის მასტერკლასს ატარებს.