LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კომუნიკაციების კომისია მუდმივად შეძლებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას”- მაუწყებლები “ბუნდოვან” კანონპროექტს აპროტესტებენ

153
Capture

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების წარმომადგენლები, პარლამენტის შენობასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ორდოკუმენტიანი კანონპროექტი “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და ძალიან ბუნდოვანია.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მთავრობამ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა შეაჩეროს და პარლამენტიდან გაიწვიოს.

კანონპროექტი ორ მიმართულებას მოიცავს. ერთი კომუნიკაციების კომისიას უფლებას აძლევს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სუბიექტებში სპეციალური მმართველი დანიშნოს, ხოლო მეორე ამბობს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება მის შეჩერებას არ გამოიწვევს.

“ეს ორივე კანონპროექტი არის ნაჩქარევად მომზადებული. ისინი არსებითად აუარესებენ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის კანონპროექტები, რომლებიც კომისიას აძლევს საშუალებას მუდმივად ერეოდეს მაუწყებლების და ელექტრონული კომუნიკაციების სუბიექტების საქმიანობაში. კომინიკაციების კომისია ხშირად საუბრობს, რომ ეს კანონპროექტები არ ეხება მედიას, თუმცა ეს არის ტყუილი, ეს არის ჩარევა საკუთრების უფლებაში. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ კომისია და დიდი ალბათობით მთავრობა, კომისიის საშუალებით, ითავისუფლებს სივრცეს და ქმნის შესაძლებლობას მომავალში, საჭიროების მიხედვით, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება”, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

 

“მთავარი არხის” იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით კი, აღნიშნული კანონპროექტის წინასაარჩევნოდ ინიცირება ბევრ კითხვას აჩენს.

“სამწუხაროდ, წარმოდგენილი ცვლილებები აკანონებს ცენზურას, უსაფუძვლოდ ლახავს საკუთრების უფლებას და სასამართლოს გზით უფლების თავისუფალ რეალიზაციას. მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია არჩევნებამდე 4 თვით ადრე ამგვარი კანონპროექტების ინიცირება, რაც მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლებას სურს წინასაარჩევნო პერიოდზე ზეგავლენის მოხდენა და მედია გარემოს არსებითად გაუარესება. ჩვენი მოთხოვნაა ამ ადრესატების მიმართ, რომ შეჩერდეს ან გაიხმონ ეს კანონპროექტი და თუ მათ სურთ კანონში ცვლილებების შეტანა, ეს პროცესი იყოს გამჭირვალე და ყველა დაინტერესებული პირი იყოს ჩართული ამ პროცესში”, – ამბობს მურადაშვილი.

 

 

მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიც მაუწყებლებს დიდი ზიანს მოუტანს, რადგან ცვლილებები ტელეკომპანიებსაც შეეხებათ.

“ეს არის მედიის მომიჯნავე სფერო, სისტემები, რომლებიც მას ემსახურება, ისინი აუცილებლად უნდა იყოს დაცული, სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას სხვადახხვა ბერკეტებით ჩარევის შესაძლებლობა მიეცემა. მედია არის ამ სისტემაზე დამოკიდებული და თუ ეს სისტემა იქნება ძალიან მოწყვლადი, ანუ რასაც უნდა იმას გაუკეთებენ, მედიაც ხდება მოწყვლადი”, – აცხადებს ტუღუში.

დღეს ჩანიშნულ კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ, აქციის მონაწილეები მის ხარვეზებზე ისაუბრებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g