LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონგრესში ხელახლა წარვადგინეთ „MEGOBARI აქტი“, ჩვენი პირველი პრიორიტეტია ქართული კოშმარის დასასრულის უზრუნველყოფა“ – ჯო უილსონი

185
ჯო უილსონი

„კონგრესში ხელახლა წარვადგინეთ „MEGOBARI აქტი“, ჩვენი პირველი პრიორიტეტია ქართული კოშმარის დასასრულის უზრუნველყოფა“, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„დღეს მე, კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად ხელახლა წარვადგინე „MEGOBARI აქტი“ 119-ე მოწვევის კონგრესში როგორც H.R. 36. ჩვენი პირველი პრიორიტეტია ქართული კოშმარის დასრულებისა და აგრესორთა ღერძის მიერ ქართველი ხალხის ტერორიზების შეწყვეტის უზრუნველყოფა”, – წერს უილსონი.

ამასთან, გამოცემა The Hill-ი წერს, რომ რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა აშშ-ის კონგრესში კვლავ წარადგინეს „MEGOBARI აქტი“, რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა მას შემდეგ ავრცელებს, რაც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და ერთ-ერთი ლიდერი, კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) უილსონის ოფისში რეპორტიორების მცირე ჯგუფს შეხვდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრისას უილსონმა და კოენმა აღნიშნეს, რომ „MEGOBARI აქტი“ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. კონგრესმენების თქმით, აღნიშნული კანონმდებლობის წარდგენა ახალ კონგრესში ორპარტიული თანამშრომლობის “ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო მაგალითია“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, კოენმა შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ ის ელის კანონმდებლობის მიღებას, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების“ საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად აღიარებას.

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ წარდგენის შესახებ უილსონმა 28 დეკემბერს X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დაახლოებით 15 წუთში ვდებთ ფიცს, ამიტომ ფიცის დადებამდეც, ამერიკის კონგრესი მხარში უდგას ქართველ ხალხს“, – განაცხადა უილსონმა რეპორტიორებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g