LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენციის სააგენტო კომპანიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საწვავის ფასის ზრდის დაანონსებისგან

147
benzini

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის 2021 წლის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც  ბაზარი შეფასებულია როგორც კონკურენტული, თუმცა, სააგენტო მიიჩნევს და ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს რეკომენდაციით მიმართავს  – თავი შეიკავონ საწვავის სამომავლო ფასების ცვლილების დაკონკრეტებისაგან, განურჩევლად იმისა, ემყარება თუ არა ეს განცხადებები საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს.

„საჯარო განცხადება, რომ ფასი შეიცვლება კონკრეტული ციფრით – წარმოადგენს ბაზრის დამატებით გამჭვირვალობას და შესაძლოა მოიცავდეს სენსიტიურ მონაცემებს. გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ამგვარი განცხადება შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის რისკი.

შუალედური ანგარიშის ძირითადი შეფასებები აჩვენებს, რომ 2013 წლიდან კონკურენტული გარემო გაუმჯობესებულია.

2012 წელს, ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, რომელთა რაოდენობა 2019 წელს 63-მდე გაიზარდა, ხოლო 2021 წელს შეადგინა 39 ეკონომიკური აგენტი. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის ინდექსი ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ფარგლებშია. ბაზრის იმპორტის დონეზე სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზრო წილების სახით, სამი კომპანიის ერთობლივი წილი 58%-ს აღემატება და თითოეული მათგანის წილი არანაკლებ 15%-ია.

2021 წელს, ქვეყანაში საერთო ჯამში იმპორტირებულია 1 453 707 ათასი ლიტრი ბენზინი და დიზელი, რაც 7.2% – ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა თურქმენეთიდან – 22.1%, რომელსაც მოყვება რუსეთის ფედერაცია – 19.2% და რუმინეთი -18.2%. საერთო იმპორტის 45.7% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 54.3% ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა – 64%, ხოლო საერთო იმპორტში – 34.9%.

თურქმენეთიდან და რუსეთიდან იმპორტირებული რეგულარის მარკის საწვავის თვითღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია ბულგარეთიდან და რუმინეთიდან იმპორტირებული ანალოგიური საწვავის თვითღირებულებაზე; თვითღირებულებებს შორის სხვაობა 1 ლიტრი ყველაზე მოთხოვნადი ბენზინ რეგულარის მაგალითზე წლის განმავლობაში არის 6-25 თეთრის ფარგლებში.

საცალო ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი 2021 წლის მონაცემებით, შეადგენს 58.8%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 41.2%-ის ფარგლებშია. 2013 წელს ბაზარზე მხოლოდ ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტი იყო წარმოდგენილი. 2015 წლის დასაწყისში, საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა დაახლოებით 960 ავტოგასამართი სადგური, 2021 წელს კი 1232; ზრდა შეადგენს 29%–ს. საცალო დონეზე ბაზარი დაბალკონცენტრირებულია.

2021 წელს ფიქსირდება საცალო ბაზარზე მოქმედი ყველაზე მსხვილი 5 კომპანიის შემადგენლობის ცვლილება. „ხუთეულში“ ახალი კომპანიის შესვლა ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების კუთხით დადებით გარემოებას წარმოადგენს.

2021 წელი გამოირჩეოდა პლატსის ფასის ზრდის დინამიკით. წლის მეორე ნახევრიდან შეინიშნება ლარის გაცვლითი კურსის გამყარება/სტაბილურობა, თუმცა აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაზრდილი ფასის სრულად დასაკომპენსირებლად; პლატსის ფასი ზრდამ 2021 წელს შეადგინა, დაახლოებით, 65%, კურსის გამყარების მაჩვენებლემა, დაახლოებით, 6-7%. ადგილობრივ საცალო ბაზარზე პლატსის ფასის ცვლილება, ძირითადად, აისახებოდა შესაბამისი დროითი შუალედების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, (2-4 კვირის შუალედი).

საცალო ბაზარზე მსხვილ კომპანიებსა და მცირე ქსელებს შორის არსებული ფასთა დიაპაზონი წარმოადგენს მომხმარებლის დამატებით არჩევანს. მცირე და მსხვილ ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწვავზე 30-45 თეთრის ფარგლებში ფიქსირდებოდა.  სხვაობა, ძირითადად, განპირობებულია რუსეთიდან და თურქმენეთიდან იმპორტირებული შედარებით დაბალი თვითღირებულების მქონე საწვავით, რომლის რეალიზაცია მცირე ქსელებთან ერთად ხორციელდება რიგი მსხვილი კომპანიების დონეზეც;

მსხვილი კომპანიების მაგალითზე ბოლო 4 თვეში (ოქტომბერი 2021-იანვარი 2022) ყველაზე მოთხოვნადი რეგულარის ტიპს საწვავზე ფასნამატი მერყეობდა 17-31 თეთრის არეალში, რაც 5-10%-ის ფარგლებშია.

საქართველოს ბაზარზე მიმდინარე პროცესები საცალო ფასების ცვლილების ნაწილში ძირითადად თანხვედრაში იყო ანალოგიურ პერიოდში საწვავის ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი, რუსეთი) ადგილობრივ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან“, – ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში.

დოკუმენტი ვრცლად იხ. ბმულზე: https://admin.competition.ge/…/0e76747a96a64da19c4140ac

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები