LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსერვატორია თბილისის მეოთხე საერთაშორისო მუსიკოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლებს

120
cltrnews

22-24 აპრილს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ორგანიზებით გაიმართება თბილისის მეოთხე საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 34 მეცნიერი 14 ქვეყნიდან.

წელს კონფერენცია ეძღვნება ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, დირიჟორის, საზოგადო მოღვაწის, პედაგოგისა და კონსერვატორიის რექტორის – ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს. კონფერენციის თემატიკა ზაქარია ფალიაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობის ინსპირაციითაა გაჯერებული და სამი პრობლემის ირგვლივ ერთიანდება: ეროვნული საკომპოზიტორო სკოლები, კულტურის მეხსიერება და მულტიკულტურალიზმი მუსიკაში.

კონფერენციის ძირითადი მომხსენებელია პროფესორი კრისტოფერ დინგლი, რომელიც ისაუბრებს მესიანის (ფრანგული) ინტერნაციონალიზმის შესახებ. კონფერენციის შემაჯამებელი „მრგვალი მაგიდა“ კი მიეძღვნება სამუსიკო განათლების პრობლემებს პოსტ-COVID პერიოდში.

თბილისის მეოთხე საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია 2015 წლიდან 2 წელიწადში ერთხელ იმართება და ტრადიციულად რამდენიმე ტიპის აქტივობას აერთიანებს: სამეცნიერო სესიებს, უცხოელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ ლექციებსა და მასტერკლასებს სტუდენტებისთვის, თემატურ კონცერტსა და კულტურულ პროგრამას. პანდემიის მიუხედავად, წელს კონფერენციის ჩატარება მაინც დაიგეგმა, თუმცა განსხვავებული – ონლაინ ფორმატით. ღონისძიების მონაწილეები დისტანციურად დაესწრებიან სამეცნიერო სესიებსა და „მრგვალი მაგიდის“ დისკუსიებს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორის – მანოლის (ემანუილ) ვლიტაკისის ვორქშოპი კომპოზიციის მიმართულების სტუდენტებისთვის და პოლონეთის მეცნიერებათა

აკადემიის ხელოვნების ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორის – ბეატა ბოლესლავსკა-ლევანდოვსკას ლექცია „შოპენი მე-20 საუკუნის პოლონელი კომპოზიტორების შემოქმედებასა და მუსიკაში“.

კონფერენციის მიზანია თანამედროვე მუსიკოლოგიის ზოგადი პრობლემატიკის განხილვა, მუსიკოლოგიის სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება და განსხვავებული ტრადიციების მქონე სამეცნიერო სკოლებს შორის გამოცდილების გაზიარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g