27 სექტემბერს საბურთალოს ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს, კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.
ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, სასამართლოს შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება. მირიან თოხაძე სამედიცინო დაწესებულებაში, მაქსიმუმ, 20 დღით მოთავსდება.
ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ხომ არ იყო თოხაძე დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი, ან ხომ არ იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
შეგახსენებთ, გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გიორგი საყურაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განმარტებით, საყურაშვილი მის მეგობრებსა და ბრალდებულს შორის მომხდარ კონფლიქტში მხოლოდ გამშველებელი იყო.
პროკურორის განცხადებით, ახალგაზრდა, რომელიც მოკლეს, ჩხუბში არ მონაწილეობდა, კონფლიქტი კი ყოფით ნიადაგზე, ბრალდებულის ინიციატივით მოხდა.
მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მირიან თოხაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.