საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა.
საქართველოს პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა.
ფეისბუქგვერდი „რესპუბლიკა 100“ 100 წლის წინანდელ ყველაზე პროგრესული სამართლებრივი დოკუმენტის შესახებ წერს:
„ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ, კარსმომდგარი საბჭოთა ოკუპაციის ფონზე, მიიღო პირველი ქართული კონსტიტუცია.
პირველი ქართული კონსტიტუცია მაშინდელი მსოფლიოს ერთი-ერთ მოწინავე და პროგრესული სამართლებრივი დოკუმენტი გახლდათ.
კონსტიტუციის მიხედვით საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. მუდმივ და უცვლელ ფორმად პოლიტიკური წყობილებისა გამოცხადდა დემოკრატიული რესპუბლიკა.
კონსტიტუციამ აკრძალა წოდებრივი განსხვავებები, ყველა მოქალაქე აღიარა თანასწორად, ხაზი გაუსვა ქალისა და მამაკაცის თანასწორობას სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საოჯახო ასპარეზზე, კონსტიტუციამ აკრძალა რომელიმე ეთნიკური უმცირესობის უფლებების შეზღუდვა.
კონსტიტუციამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელნი არიან და გამიჯნულნი, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ხაზინებს სარწმუნოებრივი საქმიანობის დაფინანსება აეკრძალათ. კონსტიტუციამ აკრძალა სიკვდილით დასჯა.
კონსტიტუციამ შრომა რესპუბლიკის არსებობის საფუძვლად გამოაცხადა. აიკრძალა 16 წლამდე ბავშვების მუშაობა. კონსტიტუციაში ეწერა, რომ სახელმწიფოს მუშის შრომის ნაყოფი უნდა დაეცვა კერძო პირთა ექსპლოატაციისაგან. სამუშაო საათების ზედა ზღვრად კვირაში 48 სთ განისაზღვრა. მომუშავე ადამიანს კვირაში უწყვეტი 42 სთ მაინც უნდა დაესვენა.
კონსტიტუციამ პიროვნება, ადამიანი გამოაცხადა ხელშეუხებლად!
გააზიარე საქართველოს ისტორია!“, – ვკითულობთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მოკლე მიმოხილვაში.