LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორცხელი, მსოფლიო ბანი, არჩევნები, რომის პაპი – როგორ დაიმახსოვრებს ისტორია 2016 წელს

194

2016 წელი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოირჩეოდა. საზოგადოებისთვის და ქართული პოლიტიკური ელიტისთვის, ერთ-ერთი მთავარი თემა, საპარლამენტო არჩევნები იყო. მას შემდეგ, რაც პრემიერმა პრეზიდენტის განკარგულებას ხელი მოაწერა, წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს დაიწყო. შესაბამისად, ძალაში შევიდა ყველა ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ყველა პოლიტიკური პარტია თუ საარჩევნო სუბიექტები თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ. ეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი კამპანია იყო, რომელიც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

წინასაარჩევნო კამპანია, კორცხელი

8 ოქტომბრის არჩევნებამდე, პოლიტიკური პროცესები დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა და ამას სხვადასხვა მოვლენებიც ადასტურებს. მათ შორისაა სამეგრელოს რაიონის, სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტი, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნანიონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ. ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართულნი. ოპოზიცია ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძისა და კორცხელის ინციდენტში მონაწილეთა კავშირზე საუბრობდა. კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

 

კოალიცია დაიშალა

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის დამოუკიდებლად ბრძოლას გააგრძელებდა. ამ განცხადებიდან ცოტა ხანში, საგანგებო ბრიფინგზე, ხათუნა სამნიძემ დააანონსა, რომ ”რესპუბლიკური პარტიაც” არჩევნებში მონაწილეობას ცალკე მიიღებდა, თუმცა კოალიციის დატოვებას არ გეგმავდნენ. მალევე, ”ეროვნული ფორუმის” ყრილობაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, პარტიამ ”რესპუბლიკელების” მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო და უფრო მეტიც, მათ კოალიციაც დატოვეს. ”ეროვნული ფორუმის” ლიდერი, გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტიდან გადადგა.

 

ოპერა და არჩევნები

წინსაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ქართულ პოლიტიკას არაერთი ახალი პარტია შეემატა, მათ შორის იყო, მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, რომელმაც მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისათვის” ჩამოაყალიბა.

 

“ნაცმოძრაობიდან” წამოსული პოლიტიკოსები 

ამას გარდა, შეიქმნა კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც საზოგადოებამ ”გირჩის” სახელწოდებით გაიცნო. მისი ხელმძღვანელობა კი ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ჩაიბარა. გიორგი ვაშაძე აღმოჩნდა კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელმაც ”ნაციონალური მოძრაობის” რიგები დატოვა და წინასაარჩევნო კამპანიამდე სამი დღით ადრე, პოლიტიკური პლატფორმის, ”ახალი საქართველოს” ღონისძიება გამართა. ამ ცვლილებებიდან უახლოეს პერიოდში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბურჭულაძის პარტია და  ჯაფარიძე-ვაშაძე-კაციტაძის ბლოკი გაერთაინდა და სახელად ”პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის” დაერქვა.

 

ახალი პარლამენტის გამარჯვებული სუბიექტები

საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, 5%-იანი ბარიერი, პროპორციული სიით, მხოლოდ სამმა პარტიამ (”ქართული ოცნება” – 48%; ”ნაციონალური მოძრაობა” – 27% ; ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 5%) გადალახა. შედეგების გასაჯაროების შემდგომ პარტიათა ნაწილმა, მათ შორის ”რესპუბლიკელების” და ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

ხუთი საკადრო ცვლილება მინისტრთა კაბინეტში

26 ნოემბერს, 110 ხმით 19-ის წინააღმდეგ, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. მას შემდეგ, რაც დიასპორის საკითხთა სამინისტრო გაუქმდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა, მინისტრთა კაბინეტში სულ 18 პორტფელი დარჩა. ცვლილებები კი ხუთ სამინიტროს შეეხო:

ფინანსთა მინისტრად, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა, რომელიც ბიზნესომბუდსმენმა, გიორგი გახარიამ ჩაანაცვლა.

დაახლოებით 2,5 თვიანი პაუზის შემდეგ კახი კალაძე კვლავ ენერგეტიკის სამინისტროს დაუბრუნდა.

ევროინტეგრაციის სამინისტროში, დავით ბაქრაძე ყოფილმა ოპოზიციონერმა ”თავისუფალი დემოკრატებიდან,” ვიქტორ დოლიძემ ჩაანაცვლა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პორტფელი კი ზურაბ ალავიძემ ჩაიბარა.

 

საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული მმართველი ძალა

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, რაც უმცირესობის შეფასებით, საფრთხის შემცველია.

 

საქართველო ვიზების მოხსნას ელოდება

მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი. ამ პროცესის ოქტომბრის არჩევნებამდე დასრულება განსაკუთრებით საყურადღებო იყო, ვინაიდან ის არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენდა.

მართალია, უვიზო მიმოსვლა 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ვერ მივიღეთ, მაგრამ ამ დროისთვის, ვიზალიბერალიზაციის პროცესი უკვე დასკვნით ფაზაშია გადასული. მსოფლიო ლიდერების განცხადებით, საქართველო უვიზო მიმოსვლას იმსახურებს და აუცილებლად მიიღებს, თუმცა, აქვე, ევროპელი დიპლომატები იმედს იტოვებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები კანონს არ დაარღვევენ და ევროკავშირს “შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედება არ მოუწევს.

 

ლარის კურსის ისტორიული ვარდნა

ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ქვეყნის მთავრობისთვის ბოლო დროის ყველაზე აქტიურ გამოწვევად იქცა, მოსახლეობისთის კი იგივე თემა ერთ-ერთ მტკივნეულ ამბად.

ეროვნული ვალუტის დევალვაციამ დოლართან მიმართებაში 2016 წლის ბოლოს უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

2016 წლის დეკემბერის დასაწყისში, ლარის საშუალო მაჩვენებელმა 2,55-დან 2,82-მდე ნიშნულს მიაღწია. ეკონომიკის ექსპერტები ამ სიტუაციაში მთავრობის სუსტ პოლიტიკაზე და არასწორ ნაბიჯებზე მიუთითებენ. ”ნაციონალური მოძრაობა” ანტიკრიზისული გეგმის წარმოსადგენად ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს, თუმცა, უმრავლესობა ლარის გაუფასურების მიზეზად საგარეო ფაქტორებს ასახელებს.

 

ღონისძიებები ლარის გადასარჩენად

ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად, განახლებული მინისტრთა კაბინეტის პირველივე სხდომაზე, გიორგი კვირიკაშვილმა ოთხპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც ნავთობპროდუქტებზე, თამბაქოსა და ავტომობილების იმპორტზე აქციზის ზრდას გულისხმობს.

ცვლილებები შეეხება ონლაინ სესხებს და იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საბანკო კრედიტი 2015 წლის პირველ იანვრამდე დოლარში აიღეს, ისინი სესხს,  2,30 კურსის მიხედვით, ლარში გადაიხდიან.

 

ისტორიული ვიზიტები

2016 წელი მნიშვნელოვანი უმაღლესი დონის ვიზიტებითაც გამორჩეულია.

31 სექტემბერს, რომის პაპის, ფრანცისკე 1-ის სტუმრობა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა.

პაპი თავდაპირველად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ესტუმრა. დიალოგის დროს ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ვატიკანს შორის მყარი დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობა, რომელსაც 2017 წელს 25 წელი უსრულდება.

ფრანცისკე პირველმა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მის ძირძველ ტრადიციებზეც გაამახვილა ყურადღება.  რომის პაპმა  ქართველი კათოლიკეებისთვის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესა აღავლინა.

 

 

დასამახსოვრებელი იყო ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი, რომელიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში, სექტემბრის თვეში ეწვია. საქართველომ ნატოსგან მნიშვნელოვანი გზავნილებიც მიიღო. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს მოკავშირეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე მხარს უჭერენ.

 

ეს ის მცირე ჩამონათვალია, როემლიც 2016 წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს მოიცავს, რომელიც 2017 წელს ახალი გამოწვევებით გაგრძელდება. იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება სხვადასხვა სფეროში. პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა და ეს მომავალი წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება.

 

ხატია ქირია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g