ოპოზიციონერი დეპუტატები, ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია პარლამენტის ეთიკის კომისიას მოუწოდებენ – განიხილოს თინა ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები.
„შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს“, – აცხადებენ დეპუტატები.
თამარ კორძაიას განცხადებით, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის თანახმად, პარლამენტის წევრი ვალდებულია, დაიცვას ეთიკური სტანდარტები და განსაკუთრებით, ეს წესები საკუთარი კოლეგების მიმართ დაიცვას.
პაპუაშვილი: "მიჭრის, ჭიდაობის და დაუმორჩილებლობის აღკვეთა ძალადობა არ არის"
"ძალადობა იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან მიჭრა და სპიკერატის მისადგომთან ორ მანდატურთან ჭიდაობა."
„ის, რასაც ჩვენ გუშინ ვხედავდით დარბაზში, სხვა არაფერია, თუ არა ეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევა და იმის გაუაზრებლობა, თუ რა პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენ კოლეგა მამაკაცებს ამ დარბაზში.
თინა ბოკუჩავას და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს, ამიტომ მე და ანა ნაცვლიშვილი მოვუწოდებთ ეთიკის კომისიას, განიხილოს ეს საკითხი და დაადგინოს პარლამენტის კონკრეტული წევრების მიერ გუშინ განხორციელებული ქმედება არღვევდა თუ არა ამ ეთიკის კოდექსს,“ – აღნიშნა თამარ კორძაიამ.
მისივე შეფასებით, გუშინდელი დღე საჭიროებს სათანადო შესწავლას და შეფასებას პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიერ. როგორც კორძაიამ თქვა, ეს არის სამართლებრივი პროცედურები. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, განიხილოს ამ ადამიანების პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხი და ურჩიოს დატოვონ პარლამენტი.
კითხვაზე, ნონა მამულაშვილმა მაგიდაზე ასვლით დაარღვია თუ არა ქცევის კოდექსი, კორძაია პასუხობს, რომ მისი ქცევა სავსებით ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
„მივიჩნევ, რომ იმ ვითარებაში, რაც იქ ხდებოდა, უკვე თინა ბოკუჩავას მიმართ ის მოქმედება იყო განხორციელებული, რაც მოხდა, ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური გამოხატვის ფორმა, რადგან კოლეგა მამაკაცები უკვე ქალს ხელით შეეხნენ. ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ, როცა თინა ბოკუჩავას შეეხნენ ფიზიკურად, ნონა მამულაშვილმა ამის შემდეგ გამოიყენა პროტესტის უფრო მძაფრი ფორმა,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.