LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონაპანდემიით დაზარალებულების ნაწილს 200-ლარიანი დახმარება შეუჩერდა: ვინ და რატომ ვეღარ მიიღებს კომპენსაციას

623
98791598-0D3C-4B48-8CC1-7F8882EB372F-w1200-r1

კორონაპანდემიით დაზარალებულ მოქალაქეებს, როგორც კი გაიგეს, რომ მთავრობისგან კომპენსაციის სახით ერთჯერადად 300 ლარს, ან 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარს მიიღებდნენ, მაშინვე გაუჩნდათ კითხვები, როგორ და რა ფორმით უნდა დაემტკიცებინათ, რომ ნამდვილად მუშაობდნენ და პანდემიის გამო უმუშევრები დარჩნენ. კითხვები ლოგიკურია, რადგან ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 200-300 ლარზე ხალხს ისე ამუშავებენ, არც საშემოსავლო გადასახადს იხდიან და შესაბამისად, არც გაფორმებული ჰყავთ ოფიციალურად. განსაკუთრებული გაუგებრობა გამოიწვია თვითდასაქმებულების საკითხმა, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ერთჯერად 300 ლარს დაჰპირდა. ეკონომისტებს გაუჩნდათ კითხვა, რომ თუ სტატისტიკის დროს თვითდასაქმებულად თვლიან პირს, რომელიც სოფელში ცხოვრობს და მცირე მიწის ნაკვეთი აქვს ან საქონელი ჰყავს, ახლა რატომ არ მოხვდა ეს ხალხი კომპენსაციის მიმღებ თვითდასაქმებულებში.

მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, რომ არსებობენ რეგისტრირებული და არარეგისტრირებული თვითდასაქმებულები და ყველას შემთხვევაში საჭირო იყო რაიმე სახის დოკუმენტი, რაც აჩვენებდა, რომ ქონდათ გარკვეული შემოსავალი. ზოგიერთ შემთხვევაში კი, მაგ. თუ ბაზრობაზე ხართ დასაქმებული, დამსაქმებლის ცნობა დაგჭირდებოდათ. არაერთმა დამსაქმებელმა რომ უარი თქვა ასეთი ცნობის გაცემაზე – ეს ახალი არ იქნება, მაგრამ ახლა მოგიყვებით, რა ბედი ეწიათ იმ ადამიანებს, რომლებსაც 200-ლარიანი დახმარება უნდა მიეღოთ. ვინ მიიღო და ვინ არა, ვის შეუჩერდა კომპენსანცია და როგორია ოფიციალური სტატისტიკა.

დასაქმებულებზე 200-ლარიანი დახმარების გაცემა მაისიდან დაიწყება

დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს

რადიო „ფორტუნამ“ პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიმართა, რომელიც უშუალოდ გასცემს მთავრობის მიერ დაანონსებულ დახმარებას.

სააგენტოში გვითხრეს, რომ თვითდასაქმებულების ნაწილში, ამ დროისთვის რეგისტრირებულია სულ 132 ათასი მოქალაქე, საიდანაც ბოლო მონაცემებით (ივნისის პირველი ნახევარი) 300-ლარიანი კომპენსაცია 66 660-მა პირმა მიიღო. ეს ნიშნავს, რომ უკვე ჩაირიცხა 19 მილიონ 998 ათასი ლარი.

ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმ პირთა შესახებაც, რომლებიც ჯამში 1200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, ანუ ყოველთვიურად – 200 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია 90 802 ადამიანს ჩაერიცხა ანუ 18 მილიონ 160 ათას 400 ლარი უკვე გადარიცხულია.

“200 ლარი დაახლოებით, 50 კგ ბრინჯის საფასურია…კორუფცია ყვავის და ამიტომ არ შეუძლია მთავრობას ხალხს მეტი მისცეს”

რადიო „ფორტუნას“ რამდენიმე მოქალაქემ მიმართა (რომელთა იდენტიფიცირებას მათივე თხოვნით არ ვახდენთ) და უთხრა, რომ 200 ლარი მხოლოდ ერთხელ ჩაერიცხათ, მეორედ კი ვეღარ მიიღეს, რადგან მათ სხვა შემოსავალი დაუფიქსირდათ, თუმცა აინტერესებდათ, 6 თვეზე გაწერილი 1200-ლარიანი კომპენსაცია უნდა მიეღოთ თუ არა სრულად 6 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, ამ პერიოდში დაიწყებდნენ თუ არა მუშაობას.

ჩვენ ამ შეკითხვით ისევ ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, საიდანაც ფინანსთა სამინისტროში გადაგვამისამართეს.

უწყებაში კი განგვიმარტეს, რომ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, დამქირავებელმა ყოველი თვის 20 რიცხვამდე, სასურველია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად rs. ge-ზე იმ პირთა სია წარადგინოს, ვინც აპრილამდე ერთხელ მაინც აიღო ხელფასი და ამის შემდეგ მას ჩარიცხვები აღარ უფიქსირდება. ანუ ეს ნიშნავს, რომ 6 თვე, ყოველი თვის 20 რიცხვამდე დამსაქმებელმა ეს ინფორმაცია უნდა გააგზავნოს შესაბამის მისამართზე.

თუ ამ 6 თვეში სხვა შემოსავალი დაგიფიქსირდათ, თქვენს მონაცემებს დამსაქმებელი აღარ გააგზავნის და კომპენსაციასაც ვეღარ მიიღებთ.

რადიო „ფორტუნა“ ეკონომისტებსაც დაუკავშირდა. ექსპერტმა ნიკა შენგელიამ გვითხრა, რომ თავიდანვე ჩანდა, ანტიკრიზისული გეგმა პიარკამპანიის ნაწილი რომ იყო და რეალურ ეკონომიკურ შედეგს არ მოიტანდა. მისი თქმით, დაფინანსდება რამდენიმე კომპანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფული სწორად გადანაწილდება. შენგელიას თქმით, კარგი იქნებოდა, მთავრობას აქცენტი სოფლის მეურნეობისა და ფერმერების მიმართულებით გაეკეთებინა.

თუ ამ დრომდე ვინმე დარჩით, ვისაც დახმარება არ მიგიღიათ, საუბარია ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციაზე, რეგისტრაციის დრო 1 ივლისამდე კიდევ გაქვთ. თუ ელექტრონულად ვერ მოახერხებთ, დასაქმების ან სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოთ და რეგისტრაციაში მათი წარმომადგენლები დაგეხმარებიან.

magti 5g