ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის მახასიათებლების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ვირუსის ახალ ფორმას შედარებით სწრაფი გავრცელება ახასიათებს. მისივე თქმით უფრო მეტად დამაზარელებელ ზეგავლენაზე მონაცემები ამ დროისთვის არ არის.
თამარ გაბუნიას განმარტებით, სისტემური პასუხი ამ შტამთან მიმართებაში არის ის, რომ გამოვიყენოთ პირადი დაცვის საშუალებები.
“აქტიურად გამოვიყენოთ პირადი დაცვის საშუალებები. ანუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გავრცელების შეფერხების მიზნით, მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ასევე ყველა იმ წესის დაცვა, რომელსაც აქამდე ვიყენებთ სხვა შტამებისთვისაც,“ – აცხადებს თამარ გაბუნია.
კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში. მას ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.