“ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში გამოვლენილი ინფიცირების ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია.
“ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 133 დადასტურებულად ინფიცირებული მკურნალობს. კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა არის იმპორტირებული საკარანტინე სივრციდან. ბოლო პერიოდში გამოვლენილი ყველა ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია, რაც გარკვეულწილად დამამშვიდებელია ჩვენთვის”, – აცხადებს ეზუგბაია.
მარინა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ახალი ინფიცრებულ პაციენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.
“ჩვენ ორი დღის განმავლობაში 6 ახალი დადასტურებულად ინფიცირებული პაციენტი მივიღეთ, რომელთა წყაროც ცნობილია. ერთი არის ბოლნისიდან, ერთი მარნეულიდან, დანარჩენი იმპორტირებული შემთხვევებია საკარანტინე სივრციდან. ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 4 პაციენტი. ამ ეტაპზე კლინიკაში 23 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ახალი პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე, უმეტესი მათგანი საშუალოდ და მსუბუქად ფასდებიან”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი შემთხვევები 2-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა.