ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა, რომლის შედეგად, კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტი, მედდა და სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლი დაშავდნენ. ინფორმაციას მომხდარის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს. მათი ცნობით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს პაციენტი გამოკვლევისთვის გადაჰყავდა, რა დროსაც ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი, ე.წ. ტრაილერი და სასწრაფოს ავტომობილი შეეჯახნენ.
მძღოლი და მედდა ქობულეთის კლინიკაში, პაციენტი კი – ბათუმში გადაიყვანეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.