LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებელი კლინიკური მართვის ხარისხზე მხოლოდ ნაწილობრივაა დამოკიდებული: თენგიზ ცერცვაძე

123
ცერცვა

ჩვენი ოპონენტების რეაქცია მხოლოდ ადასტურებს, რომ საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვა უკეთესია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, COVID გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებელი მხოლოდ ნაწილობრივ არის დამოკიდებული კლინიკური მართვის ხარისხზე, მაგრამ მაინც იგი საქართველოში (1731 გარდაცვლილი ერთ მილიონ მოსახლეზე) უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში (1941 გარდაცვლილი), ბრიტანეთში (1928 გარდაცვლილი) და ა.შ. (ა.წ. 23 აგვისტოს მონაცემებით).

„20 აგვისტოს ჩემს პოსტს, რომელშიც შედარებული მაქვს COVID-ის კლინიკური მართვა საქართველოში და ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, როგორც მოსალოდნელი იყო ადამიანების ერთი ჯგუფის საშინელი ლანძღვა-გინება მოჰყვა. ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ამ ადამიანების ფუნქცია სწორედ ეს არის და რაც მეტ კარგს გააკეთებ, მით უარესად შემოგიტევენ. მახსენდება, როცა ჩვენ სახელმწიფოს უფასოდ, საჩუქრად (ვიმეორებ საჩუქრად) მოვუპოვეთ 4 მილიონი დოლარის ღირებულების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტი რემდესივირი, ჰეითერებმა არც მეტი, არც ნაკლები კორუფციულ კავშირებსა და გარიგებებში დაგვდეს ბრალი და ჩემი ციხეში გაშვება მოითხოვეს?!

წარმოდგენილი მაქვს, როგორ კრიტიკულ ლუპაში გაატარებდნენ ყველაფერს, რაც მე დავწერე და ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ვერცერთი არასწორი ფაქტი ვერ დააფიქსირეს. არცერთი არგუმენტი საწინააღმდეგოდ არ მოუყვანიათ. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ რაც მე დავწერე, ყველაფერი სიმართლეა და საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვა (და არა მთლიანად პანდემიის მართვა) უკეთ ხდება, ვიდრე ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში. ხოლო რაც შეეხება ლანძღვას, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს სიმართლეს. ხომ იცით ცნობილი გამოთქმა – „იუპიტერო, შენ ცხარობ, ესე იგი, არ ხარ მართალი“ („Iuppiter iratus ergo nefas“).

მე ჩემს პოსტში ჩამოყალიბებული მქონდა ოთხი ძირითადი პუნქტი:

COVID პაციენტების ნაკადების კლინიკური მართვა
საქართველოში 60 ათასამდე აქტიური COVID პაციენტის (რაც კატასტროფულად მაღალი ციფრია) მართვა ხორციელდება სერიოზული ხარვეზების და ჩავარდნების გარეშე, რაც კლინიკური სექტორის მდგრადობაზე მიუთითებს. მაშინ როდესაც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებში გაცილებით ნაკლები რაოდენობის პაციენტების მართვისას კლინიკური სექტორი ჩამოშლის პირას იყო, ან ჩამოიშალა. ხოლო შვედეთში საერთოდ საშინელება ხდებოდა, 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები არ გადაჰყავდათ კლინიკებში ადგილების უქონლობის გამო.

ყველა COVID დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვლილთა რაოდენობა – ე.წ. CFR (case fatality rate) საქართველოში (CFR-1.32%) ნაკლებია, ვიდრე ამერიკაში (1.67%), ბრიტანეთში (2,02%), გერმანიაში (2,38%) და ზოგადად ევროპის 32 ქვეყანაში (ა.წ. 23 აგვისტოს მონაცემებით). ვინმეს შეუძლია ეჭვი შეიტანოს ამ ციფრებში. რა თქმა უნდა, არა.

1 მილიონ მოსახლეზე COVID გარდაცვლილთა რაოდენობა.
ეს მაჩვენებელი მხოლოდ ნაწილობრივ არის დამოკიდებული კლინიკური მართვის ხარისხზე, მაგრამ მაინც იგი საქართველოში (1731 გარდაცვლილი ერთ მილიონ მოსახლეზე) უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში (1941 გარდაცვლილი), ბრიტანეთში (1928 გარდაცვლილი) და ა.შ. (ა.წ. 23 აგვისტოს მონაცემებით).

შენიშვნა: ამ პუნქტში ბატონი რაულ კაპანაძე მეკამათება, რომ Worldmeter-იც და ჩვენც ვცდებით და საქართველოში რეალურად გარდაცვლილი 1 მილიონზე არის 1783-ია. ბატონო რაულ, ჩვენი პოსტი ა.წ. 19 აგვისტოს მონაცემებით დაიწერა და მაშინ საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე ნამდვილად 1670 გარდაცვლილი იყო და ჩვენ წინსწრებით ვერ დავწერდით. დღეისთვის 1 მილიონ მოსახლეზე 1731 გარდაცვლილია და არა 1783, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს მაინც უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკაში (1941 გარდაცვლილი) და ბრიტანეთში (1928 გარდაცვლილი). ასე, რომ სულ ტყუილად გვედავებით.

საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, COVID სასტუმროში) გარდაცვლილია სულ 54 COVID ავადმყოფი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია მაშინ, როდესაც უცხოეთის ქვეყნებში ასეთები ასობით, ათასობით და ათი ათასობითაა.
ვინმე მოიძებნება ისეთი, ვინც იტყვის, რომ ეს ასე არაა? ან ვინმეს შეუძლია სთქვას, რომ ეს პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ უცხოეთში ჰოსპიტალიზაციის გარეშე და საერთოდ უექიმოდ რჩება ასობით და ათასობით მეტი ავადმყოფი. და ბატონი მამუკა ბაკურია კიდევ ამბობს, რომ უცხოეთში COVID პანდემია უფრო ეფექტიანად იმართება და მოსახლეობა უკეთესადაა დაცული. შესანიშნავად ვიცი, თუ როგორია COVID პანდემიის კლინიკური მართვა უცხოეთში. ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაში CFR გაცილებით უფრო მაღალია, ბინაზე გაცილებით მეტი ადამიანი კვდება, მათ შორის ექიმის გარეშე დარჩენილებიც და კიდევ იქ არის მოსახლეობა უკეთესად დაცული? „ნეტარ არიან მორწმუნენი“. და ეს იმის მიუხედავად, რომ ეს ქვეყნები ეკონომიკურად საქართველოზე გაცილებით, შეუდარებლად ძლიერები არიან და უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემაც აქვთ და კიდევ ჩვენზე გიბრუნდებათ ენა?
ახლა ზოგიერთი კომენტარი.

ჩემს პოსტში მე მხოლოდ COVID-ის კლინიკურ მართვას შევეხე და არ შევხებივარ არც ქვეყანაში ზოგადად პანდემიის მართვას, არც COVID ახალი და/ან აქტიური შემთხვევების დრამატულ მატებას (მას კლინიკურ მართვასთან საერთო არაფერი აქვს და სულ სხვა ფაქტორებითაა გამოწვეული), არც სიკვდილობის საერთო რიცხვს (აქტიური COVID შემთხვევების კატასტროფული მატების დროს, ბუნებრივია სიკვდილობაც მოიმატებს, რაც არ უნდა კარგი კლინიკური მართვა იყოს), არც ვაქცინაციას, არც პირბადის ტარებას, არც ხალხმრავალ შეკრებებს, არც რეგულაციებს და ჯარიმებს, არც უნივერსიტეტების დიპლომებს, არც იმ ქვეყნებს, რომლებიც COVID-ს კლინიკურად ჩვენზე კარგად მართავენ (ასეთებიც, რა თქმა უნდა, არიან) და ტყუილად ცდილობენ ჩემი ოპონენტები, რომ ისრები აქეთკენ გადაიტანონ და ამით შეეცადონ ჩვენს გამტყუნებას.

მე COVID-19-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ და მაქვს მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქცია – პაციენტთა ნაკადების კლინიკური მართვა და პაციენტების მკურნალობა, მოვლა და გადარჩენა და ამას, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი ძალიან კარგად აკეთებს, უკეთესად, ვიდრე უცხოეთის ბევრ ქვეყანაში და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია და აი რატომ – ჩვენ რომ ისეთივე CFR გვქონდეს, როგორც მაგ. გერმანიას ან ბრიტანეთს, მაშინ 6891 გარდაცვლილი კი არ გვეყოლებოდა (რაც თავისთავად საქართველოსთვის ბევრია), არამედ შესაბამისად, 12448 და 10565. ანუ თუ ვინმეს სიმართლე და ობიექტურობა მართლა ინტერესებს, მაშინ იმას კი არ უნდა ვამბობდეთ, რომ საქართველოში 6891 ავადმყოფი მოგვიკვდა, არამედ იმას, რომ მინიმუმ ერთი ამდენი სიკვდილს გადავარჩინეთ.

ისევ ბ-ნი მამუკა ბაკურია მინდა დავამშვიდო, რომ დიახ უცხოეთიდან, მათ შორის ამერიკიდან და ევროპიდან ისევ ხშირად გვიკავშირდებიან საკონსულტაციოდ და თქვენი სარკაზმი სრულიად უადგილოა. ასევე ხშირად გვთავაზობენ მონაწილეობას უაღრესად პრესტიჟულ მაღალი დონის კვლევებში.

ბ-ნ დავით საკანდელიძეს მინდა ვუთხრა, რომ სომხეთს დღესაც ჩვენზე გაცილებით მაღალი CFR აქვს (2,00%) და ასეც რომ არ იყოს, თქვენ რა გიხარიათ? „ჩვენი ნათესავი ხართ თუ დათვის“?

ბ-ნ Levani Levani-ის (არ ვიცი ტროლია, თუ ნამდვილი). საქართველოში 100-ზე მეტი COVID კლინიკა მუშაობს და ჩვენ არცერთი, ვიმეორებ არცერთი მათი თანამშრომელი არასდროს არ გაგვიკრიტიკებია (ერთ მაგალითსაც ვერ დაგვისახელებთ) იმიტომ, რომ ისინი საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ და ყველანი გმირები არიან. ჩვენ მხოლოდ იმათ ვაკრიტიკებთ (და სრულიად სამართლიანად), ვისაც არცერთი სერიოზული COVID ავადმყოფი არ ჰყავს გატარებული და მითუმეტეს გადარჩენილი და ამის მიუხედავად მთელი 2 წელია გვლანძღავს და ჭკუას გვასწავლის, აგერთვე იმათ, ვინც ეწინააღმდეგებოდა და საბოტაჟს უწევდა ქვეყანაში სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტების – რემდესივირის და ტოცილიზუმაბის შემოტანას ან ამბობდა, რომ საქართველოში ვაქცინაციის გართულებების მართვა არ შეუძლიათო. ეს ის ხალხია, ვისაც სხვისი აშენებული ქვეყანა კატეგორიულად არ უნდათ, ვისაც ქვეყნის ყველაფერი კარგი აღიზიანებს და ყველაფერი ცუდი უხარია. ასე, რომ აქაც ყველაფერი გასაგებია.

და ბოლოს, საშინელება იქნებოდა, რომ ვფიქრობდე, ამ ერთი მუჭა ჰეითერების აზრს კიდევ ვინმე იზიარებს. ღრმად დარწმუნებული ვარ და ამის ყოველდღიური ცოცხალი მაგალითები მაქვს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაგებით ეკიდება დროებით სიძნელეებს, სწორად ესმის და აფასებს, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ და რას აკეთებენ სხვები და მთლიანად და უპირობოდ გვიჭერს მხარს“, – წერს ცერცვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g