LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი – ჩხაიძე განმარტავს, რამდენად მაღალია Covid 19-ის ახალი შტამის გავრცელების რისკი საქართველოში

182
ჩხაიძე Arcturus

„Covid 19-ის ახალ შტამს სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა და თქვა, რომ ახალი შტამის სიმპტომებს ასევე განეკუთვნება ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა და ცემინება.

როგორც თსსუ-ის პროფესორმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მონაცემების თანახმად, Covid 19-ის ახალი შტამით მიმდინარე ვირუსული დაავადება განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა და ის ჯანმოს აქტიური მონიტორინგის ქვეშ იმყოფება:

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი XBB.1.16 პირველად ინდოეთში მარტის დასაწყისში გამოჩნდა და რამდენიმე კვირის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება გამოიწვია. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, რამდენიმე შტატში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა.

Arcturus – ჯანმოს ინფორმაციით, Covid 19-ის ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა

მედიის ცნობით, ვირუსი ყველაზე სწრაფად ინდოეთში ვრცელდება და ამ დროისთვის ქვეყანაში მისი 60 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ახალ ვარიანტს მეორე სახელიც აქვს Arcturus-ი, რაც ვარსკვლავის სახელია. ამ ვარიანტს „ომიკრონის“ წინა ვარიანტთან შედარებით გააჩნია ერთი დამატებითი მუტაცია, რაც მის უფრო იოლ გავრცელებას განაპირობებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს ვარიანტი შეყვანილი ჰყავს იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია – „კორონავირუსის ვარიანტები მონიტორინგის ქვეშ“. ის სხვა 6 ვარიანტთან ერთად ჯანმოს აქტიური მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

Arcturus-ი „ომიკრონის“ ქვეჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, დაავადების მიმდინარეობა არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმძიმით. მისი სიმპტომებია: ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა, ცემინება.

ამასთან, აქ ერთი დამატებითი სიმპტომია, რომელიც „კორონავირუსი“ სხვა მუტაციებს არ ახასიათებდათ, ეს არის კონიუნქტივიტი, ანუ თვალებიდან გამონადენის არსებობა, შეწითლება და ქავილი. ეს ამ ვარიანტისთვის უფრო დამახასიათებელია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

მისივე ინფორმაციით, ჯერ არ აქვთ მონაცემები, სადაც ნათქვამია, რომ Arcturus-ი დაავადების მწვავე მიმდინარეობას იწვევს. როგორც პროფესორმა აღნიშნა, დაკვირვების თანახმად, ახალი შტამი „ომიკრონის“ მსგავსი უნდა იყოს.

„ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბოლო 1 წელში გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა, ე.წ. ბუსტერი და მეოთხე დოზა, ე.წ. მეორე ბუსტერი მათ გარკვეული დაცვა გააჩნიათ ამ ვაქცინის წინააღმდეგ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ვაქცინა არ არის ხანგრძლივი დაცვის მქონე.

ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა, ალბათ, საქართველოშიც გამოჩნდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია მოგვაწვდის ინფორმაციას. შესაძლოა, Arcturus-ი უფრო სწრაფად გადამდები იყოს, მაგრამ, ჯერ არ არსებობს მონაცემები, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას იწვევს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინდოეთთან ინტენსიური საჰაერო მიმოსვლა არ გვაქვს, თუმცა, საქართველოში ინდოეთის ძალიან ბევრი მოქალაქე სტუდენტი სწავლობს და შესაძლებელია, რომ ეს ვარიანტიც გამოჩნდეს საქართველოში.

აშშ-ს რამდენიმე შტატში უკვე დაფიქსირდა ამ ვარიანტით განპირობებული შემთხვევების მატება. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აფიქსირებს, რომ შემთხვევების მატება ახალი მუტაციით არის განპირობებული.“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები