LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსტა და სოფო „მხოლოდ ქართულიდან“: „გამარჯვებაზე არც ერთი არ ვფიქრობთ!..“

342

კონსტანტინე კარანაძე და სოფო ბათილაშვილი რადიო „ფორტუნას“ ლაივის მეორე დღეს ესტუმრნენ. „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეები გადაღლილები არიან, რადგან მათთვის კონკურსის კიდევ ერთი დღე გულდასაწყვეტი აღმოჩნდა, როცა „მხოლოდ ქართული“ მისმა ერთმა მონაწილემ, შოთა ლეგაშვილმა დატოვა.

სამი საათი გიძინიათ მხოლოდ…

სოფო:

ძილმა გამოგვიცხადა ბოიკოტი დიდი ემოციების გამო, დაღლილობის, დიდი ემოციების გამო. შოთა ჩენი მეგობარია პირველი კასტინგის მერე. გრძნობ, რომ ყველა ლაივის მერე ასე იქნება – ან შენ გავარდები, ან სხვა. გირჩევნია, რომ შენ იყო, მაგრამ მერე ფიქრობ, ვეღარ ნახავ სხვა კონკურსანტებს.

კონკურენცია არ არის?

მე ხომ სხვა კონკურსზეც ვარ ნამყოფი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ არ არის კონკურენცია.

კოსტა:

შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ არანაირი კონკურენცია არ არის. ახლა, რაც დრო გადის, თითქოს ხომ უნდა დაიძაბოს სიტუაცია, მაგრამ არ იძაბება.

სოფო:

ადრე, თუკი რომელიმე კონკურსანტის რამე არ მოგწონდა, თავს იკავებდი თქმისგან, არადა, კარგი გინდოდა, მაგრამ ცუდად რომ არ ეფიქრა, ვერ ეუბნებოდი. ახლა უფრო გახსნილად ვართ. ერთმანეთს ყველაფერს ვეუბნებით, ახლობელი ადამიანებივით. ჩვენი თვალით დანახულ რჩევებს რომ ვუზიარებთ ერთმანეთს, უკეთესი გამოსვლები გვაქვს.

კოსტა:

როცა ჟიურის წევრი რომელიმეს გააკრიტიკებს ან დაბალ ქულას დაუწერენ, ეს ჩვენზეც მოქმედებს და ვეღარ ვმღერით. ერთ ადამიანზე ხომ აქვს გავლენა? ის რომ აღელდება, ჩვენზეც გადმოდის, რადგან ჩვენ მეგობრები ვართ.

ტექსტი რის გამო გავიწყდებათ?

სოფო:

წუწუნი გამომივა, ამაზე ლაპარაკი რომ დავიწყო, ასე რომ, არ არის ამის თქმა საჭირო. ჩემ შემთხვევაში სხვა მიზეზია, სხვის შემთხვევაში – სხვა. საერთოდ, ვცდილობ, შეცდომები წარსულში დავტოვო. ჩემი გუშინდელი ნამღერი „ალალ მე“ მოვისმინე, შეცდომები გავიაზრე, რა თქმა უნდა, არ მომეწონა და ამას გულწრფელად ვამბობ. რაც არ მომეწონა, დავიმახსოვრე და დანარჩენი გავუშვი, ასე ვთქვათ…

კოსტა:

არ ვიცი, თვითონ რა არ მოეწონა, მაგრამ ყველა დანარჩენს მხოლოდ მოწონება დაგვიტოვა.

სოფო:

არც კოსტა იტყვის, თავმდაბალია, რომ სტეფანესა და მაია დარსმელიძის სიმღერაში რეჩიტატივის ჩასმა თავად მოიფიქრა.

კოსტა:

რამდენიმე სიმღერა გავაერთიანე, ეს მიღებულია და რომც არ იყოს მიღებული, ორგანიზმი მთხოვდა, რომ ამ სიმღერას რაღაც სჭირდებოდა, გამეორება არ მინდოდა. სტეფანე და მაო იმდენად კარგი არტისტები არიან, რომ მათი მიბაძვა არ მინდოდა და ვერც მივბაძავდი. კაბუსა და „სახის“ სიმღერებიდან რეჩიტატივები ავიღე, მაგრამ „სახის“ მთლიანი ტექსტი დამავიწყდა და დავრჩი ასე (იცინის). ვფიქრობ, ისე რომ გამეკეთებინა, როგორც მომაფიქრდა, უკეთესი იქნებოდა. გუშინდელი გამოსვლა არ მეზიზღება, მაგრამ არც კმაყოფილი ვარ. თან, მერამდენედ უნდა დამავიწყდეს (იღიმის). არის დროის ფაქტორიც, ცოტა დრო გვაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ სოფოს შეუძლია ექსტრემალურად მცირე დროში მძიმეწონიანი სიმღერები, რომლებსაც ვერავინ ვერ იმღერებს, ისე შეასრულოს, რომ მილიონობით ნახვა ჰქონდეს.

სოფო:

დროის ფაქტორი არის, მაგრამ მე მაინც ვცდილობ, საკუთარ თავს დავაბრალო. კარგი იქნებოდა, ორი კვირა გვქონდეს, იმდენად კარგად მოვირგებდით სიმღერებს და ისე თავდაჯერებულები გავიდოდით სცენაზე… თუმცა ამ მოკლე დროში სიმღერების სწავლაც გამოცდილებაა.

კოსტა, შენ მიმართ დათო არჩვაძემ გამოთქვა კრიტიკა, სანამ პროექტი დაიწყებოდა. ალბათ, ამან შენზე იმოქმედა.

მე ცოტა პირიქით მემართება ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივად ადამიანებს. ვერ ვიტყვი, რომ  ყველა კომენტარს თვალს ვადევნებ. უამრავ ადამიანს არ მოსწონდა ჩემი თმა, საყურე, შესრულების მანერა თუ ხმა. ზოგი მართალსაც წერდა, ზოგი კომენტარი ისეთი ზუსტი იყო, რომ ძალიან ბევრი ვიცინე.

დავით არჩვაძეზე ვიტყვი – ის ვიდეო, რომელიც მან გამოაქვეყნა, ექსტრემალურ პირობებში ჩავწერეთ. სულ ბოლო უნდა გავსულიყავი კასტინგზე, ძალიან დაღლილი და განადგურებული, პირში ქარი მივარდებოდა და არ იყო კარგი ნამღერი, მაგრამ რაც მე მომწონს სიმღერაში, ის მაინც იგრძნობოდა. დავითმა შეაფასა პროფესიონალურად და ისიც თქვა კომენტარებში, რომ შესაძლოა, ქანთრი ან სხვა ჟანრი უფრო მოუხდეს და ვარსკვლავიც გახდეს, მაგრამ ქართულში ვერ ვხედავო. მას პატივს ვცემ, როგორც მომღერალსა და სიმღერების ავტორს. სხვათა შორის, ახლა ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს.

სოფო, შენ ხომ არ გეშინია, რომ ვერ გაამართლებ ამდენ დადებით დამოკიდებულებას ჟიურისა და მსმენელის მხრიდან?

ჯერ შოკში ვარ. ორი თვე მაინც უნდა გავიდეს, რომ მივხვდე, რა ხდება. ვცდილობ, მოვასწრო გააზრება, რომ რეალობა არ დავკარგო. მაინც ვერ ვიაზრებ ბოლომდე, რა ხდება. ცოტა შიშის მომენტი მაქვს, ამასობაში ჩემი თავი არ დავკარგო, ამდენი კომენტარის, ამდენი ადამიანის აზრის მოსმენის პროცესში. ყველას უნდა, გაგიზიაროს საკუთარ რჩევა, კეთილად თუ არა… ამდენი მოსაზრება რომ გესმის, ხანდახან რადიკალურად განსხვავებულიც, ამაზე ფიქრს ვერ ვასწრებ. ამითაც ვსწავლობ ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობას და კმაყოფილი ვარ.

პირადი ამბებიც გაგვიზიარეთ…

კოსტა:

რა შემიძლია ვთქვა, დიდ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვეულებრივად, ბედნიერად ვარ. მყავს თუ არა შეყვარებული, ამაზე ვერ გიპასუხებთ. პირადი მაინც პირადია. არ არის საჭირო ამის გასაჯაროვება. ყველა რომ მოვიდეს და მომიყვეს, როგორი გოგო მოსწონს, ხომ არ დამაინტერესებს?!. მეც არ მოვახვევ თავს არავის ჩემს პირად ამბებს.

სოფო:

მგონია, რომ მეც ჩემთვის უნდა დავიტოვო. არ მინდა, ამით ვიყო ყურადღების ცენტრში და არა იმით, ვის მიმართ რას ვგრძნობ.

ბოლოს მინდა გკითხოთ, რას ელოდებით ამ პროექტისგან, ალბათ, გამარჯვებას?

ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ ჩვენზე (იცინიან)? გამარჯვებისთვის არ მოვსულვარ ამ პროექტში, თავდაუჯერებელი ადამიანი ვარ, ახლად გადმოვქართულდი, ასე ვთქვათ, მანამდე სულ ინგლისურენოვან სიმღერებს ვასრულებდი და ვფიქრობდი, რომ აქ ისეთი ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც ქართულ სიმღერებს ბავშვობიდან ასრულებდნენ. ასეთი ასეულობით ადამიანი იყო კასტინგზე. ასე რომ, გამარჯვებაზე ფიქრიც კი მრცხვენია. ალბათ, არავინ დამიჯერებს, მაგრამ თუკი ასეთი ფიქრი მაქვს, ვცდილობ, თავი ავარიდო.

კოსტა:

ვერც კი წარმომიდგენია, რომ უნდა გავიმარჯვო. უფრო არ მინდა. პრიზიც კი არ ვიცი, რა არის. კონკურსისგან რასაც ველოდი, ის მომცა, კონტაქტები მუსიკოსებთან, გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები. ჩვენ თავადაც დამწყები მუსიკოსები ვართ. უბრალოდ, რომ ვუყურებ, როგორ წერენ მუსიკას, უდიდესი გამარჯვებაა ჩემთვის.

სოფო:

მე ჩემი ნებით მაინც მოვედი და კოსტა საერთოდ შემთხვევით, გავლითაა მოხვედრილი ამ კონკურსზე (იცინიან).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g