გადაცემის სტუმარი პლასტიკური ქირურგი და გადაცემა „ექიმების“ ერთ-ერთი წამყვანი კოტე მათითაშვილი იყო. საუბარი მისი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ წარიმართა.
– ბავშვობიდან გინდოდა თუ არა სამედიცინო სფეროში ყოფნა?
– არასოდეს მიოცნებია ექიმობაზე. პირველი შემთხვევა, როდესაც გაცნობიერებულად გადავწყვიტე ექიმობა, ეს იყო იმ შემთხვევის შემდეგ, როდესაც ჩემს ძმას დასჭირდა გარკვეული ოპერაცია. სტარტერი სწორედ ეს იყო, ქვეცნობიერში თუ ცნობიერში არ ვიცი, მაგრამ ეს იყო, მითუმეტეს, ოჯახში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი არავინ მყავს, ბიძაშვილების გარდა: სერგო მათითაშვილი და ამირან მათითაშვილი. შემდეგ ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც მყავდა ძალიან კარგი კურსელები, კურსიდან დღემდე ბევრი მეგობარი მყავს. მე-3- მე-4 კურსზე ვიყავი, როდესაც მოვხვდი პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაში, სადაც ასწავლიდა ბატონი ივა კუზანოვი და სწორედ ამ პერიოდიდან დავინეტერესდი ამ დარგით. მას შემდეგ, ამ სფეროდან არ გამოვსულვარ. 1998 წლიდან ვმუშაობ „კარაბს მედლაინში“, სწორედ იქ დავიბადე, როგორც პროფესიონალი. ძალიან მიყვარს ჩემი დარგი და თავდადებული ვარ ამ პროფესიის.
– ივა კუზანოვი იყო პირველი მასწავლებელი….
– დიახ, იმ პერიოდში, საქართველოში ის ერთპიროვნული ლიდერი იყო და სწორედ მასნ მასწავლა ბევრი რამ. ბოლო 10 წელია კი მე ბატონ საშა კალანტაროვია ჩემი ლიდერიც, თანამებროძოლიც და მეგობარიც.
– ანუ გახდი ბატონი ივას კონკურენტი…
– კონკურენცია ძალიან კარგი რამ არის, მაგრამ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში არ არის სწორი შესატყვისი, თუნდაც ასაკიდან გამომდინარე. ლიდერები ვართ ჩვენ ამ სფეროში და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი გზები დიდი ხანია გაიყო.
– ხშირად ესწრები უცხოეთში სამედიცინო კონფერენციებს. საქართველოში რამდენად არის უცხოურთან შედარებით სამედიცინო დონე?
– პირდაპირ და მარტივად გიპასუხებთ, დონე მაღალია. სხვა არის ფინანსური და ტექნოლოგიური მხარე, რომლის დანერგვაც ძლიერ ქვეყნებსაც ხშირად უჭირთ, იქნება ეს აპარატურული თუ სამედიცინო კლინიკების უზრუნველყოფა საჭირო ინვენტარით. ადამიანური რესურსი საქართველოში საკმაოდ მაღალია და კიდევ ვითარდება. თუმცა ნეგატივებიც ბევრია და ხშირად გული მწყდება ჩემი კოლეგების გარჯვეულ ნაბიჯებზე. თუმცა მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ექიმს, რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებას. არ შეიძლება არ აღვნიშნო „ცე ჰეპატიტის“ მკურნალობის აბსოლუტირად უსასყიდლო პროგრამის შესახებ, მემორანდუმი აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდა და დიდი წვლილი მიუძღვის ამ სიტუაციაში ჯანდაცვის სამინისტროს და მთელ გუნდს, ვინც ეს განახორციელა. რაც შეეხება კონფერენციებს, ეს არის მხოლოდ იმის გააზრება, რომ არ ჩამორჩები დროს და თანამედროვე სამედიცინო მიღწევების თანადროული ხარ.
– გახსოვს თუ არა შენი პირველი ოპერაცია?
– ჩემს მიერ გაკეთებული პირველი ოპერაცია არ მახსოვს, მაგრამ ნათლად მახსოვს, როდესაც პირველად დამაყენეს ოპერაციაზე, მე-5 ან მე-6 კურსზე ვიყავი და გავაცნობიერე, რომ ხელში სიცოცხლის ნაწილი მეკავა, რაც ადამიანისთვის ყველაფერი იყო. ემოციას ვერ გადმოვცემ, ეს ის ნაწილია, რაც მედიცინას ახლავს, ზოგადად რომ გითხრა, ეს არის პოზიტივისა და ადრენალინის ერთობლიობა.
– რამდენად მაღალანაზღაურებადია დღეს შენი პროფესია?
– მე ანაზღაურებით კმაყოფილი ვარ და ჩემი შემოსავალი დღევანდელ რეალობას სრულიად შეესაბამება. ამ შემოსავლით ვიკმაყოფილებ სურვილებს, ვაძლევ შვილებს კარგ განათლებას, რაც უპირეველსია. მაგაზე ხმა არ ამომეღება, დღეს ჩემი შრომა ფასდება, კმაყოფილი ვარ კარიერულ-ფინანსური შედეგებით.
– თუ მოდიან ადამიანები, რომლებიც შენი გემოვნებით, ვიზუალში ცვლილების შეტანას ითხოვენ?
– კი, არიან ასეთებიც, მაგრამ უმეტესად ჩამოყალიბებულად მოდიან, რისი შეცვლა სურთ, თუმცა შეიძლება ჩვენ ჩვენი მხრივ ვურჩიოთ.
– რა ასაკიდან შეიძლება დაიწყოს ადამიანმა ნაოჭებთან ბრძოლა?
– სამ ძირითად პრინციპს გეტყვი: 1. მიიღოს რაც შეიძლება მეტი წყალი; 2. არა სიგარეტს, თამბაქოს, ნიკოტინს; 3. გამოვიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია. ამ პრინციპების დაცვით, დამერწმუნეთ, თქვენი ახალგაზრდობა მკვეთრად გაგრძელდება. რაც შეეხება სახის მოვლას, მამაკაცისთვის სახის მოვლა მაშინ იწყება, როდესაც იწყებენ წვერის პარსვას. რაც შეეხება ქალებს, 16-17 წლის ასაკში ნაოჭებზე ზრუნვა მხოლოდ აბერებს კანს. ალბათ უფრო მისაღებია თუ ქალი 22-23 წლის შემდეგ დაიწყებს სახეზე ზრუნვას, ზრუნვაში ვგულისხმობ ისევ წყალს, სპორტს, არა თამბაქოს და მინიმალურად მზეს. რაც შეეხებათ 40 წლის ზემოთ ქალბატონებს, ამ შემთხვევაში ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მეტი სექსი, ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება. ეს არის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ორგანიზმი ღებულობს საჭირო ენერგეტიკას. ასევე ბევრი წყალი და ნაკლები მზე, ეს სწორედ ის არის, რისი საშუალებითაც გაცილებით უკეთ იქნება ყველა. პლასტიკური ქირურგია ამ შემთხვევაში ნაკლებად დაგემხარებათ.
– ხშირად იკეთებენ ოპერაციას ისე, რომ ამისი საჭიროება და აუცილებლობა არ აქვთ…
– დიახ, ბევრია ასეთი შემ,თხვევა, მაგრამ როდესაც მას ასე სურს და ის ასე უფრო ბედნიერი იქნება, უნდა გაიკეთოს. დღესდღეობით უკვე მოდის ისეთი ტენდენცია, რომ ნებისმიერ გარემოში, მაგალითად სამსახურში, უპირატესობა სასიამოვნო გარეგნობის მქონე ადამიანს ენიჭება, სწორედ ამისთვის შეიქმნა პლასტიკური ქირურგია, ადამიანები უფრო ლამაზები რომ გახდნენ.
– როგორ მოხვდი „ექიმებში“?
– იყო კასტინგი, სადაც მივიღე მონაწილეობა და მიმიღეს. ძალიან რთული იყო პირველად კამერებთან შეგუების პროცესი, მითუმეტეს ეს იყო ივლისი, როდესაც მე პირადად გადამწვარი ვიყავი და ეს პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. დაახლოებით ორ თვეში გადავლახეთ ეს ბარიერი და ყველაფერი მწყობრში ჩადგა. ძალიან ბევრი და კარგი მეგობრები შევიძინე ამ გადაცემის მეშვეობით, თუნდაც ნინოს, ლევანის და დათოს სახით, რადგან არცერთ თანაწამყვანს მანამდე არ ვიცნობდი.
– რომელი იყო შენთვის ყველაზე საინტერესო თემა?
– ღვიძლის გადანერგვაზე იყო წინა კვირას გადაცემა, რომელიც ამავდროულად ძალიან ემოციურიც გამოვიდა. ძალიან კარგი სტუმარი იყო ვანიკო თარხნიშვილი, რომელიც ორჯერ იყო ჩვენთან.
– როგორია კოტე ოჯახში?
– ძირითადად ვარ სამსახურში, ამიტომ ოჯახში თითქმის არ ვარ. 14 წლის წინ დავოჯახდი, ორი ბიჭი მყავს, ვცდილობ მაქსიამლურად კარგი მამა ვიყო და ყველაფერი გავუკეთო ჩემს შვილებს. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შვილები თავად გაიზრდებიან, მაქსიმალურად ვცდილობ ცავერიო და ჩემი წვლილი შევიტანო.
– გაკრიტიკებენ თუ არა ოჯახის წევრები ეკრანზე გამოჩენის დროს?
– არა, დამცინიან, რადგან მათთვის მე მამა ვარ და არა ექიმი, რომელიც რაღაცას გასწავლის.
– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობ თავს?
– სახლი.
– ბრენდებს თუ ანიჭებ უპირატესობას?
– კი, „მასიმო დუტი“ მიყვარს ძალიან.
– როგორია შეყვარებული კოტე?
– მე ახლაც შეყვარებული ვარ, ალბათ უფრო გიჟი, სიყვარული სიგიჟესთან ასოცირდება.
– როგორი იყო ეს ერთი საათი ჩვენს სტუდიაში?
– ძალიან კარგი, სიამოვნებით ვისაუბრე, თუ ვინმესთვის ჩემი საუბარი საინეტერესო იყო, ეს ძალიან მიხარია. კიდევ ერთხელ გირჩევთ ყველას: იფიქრეთ პოზიტიურად, იცხოვრეთ ჯანსაღად, დაკავდით სპორტით, დალიეთ ბევრი წყალი და იყავით ჯანმრთელები.
– წარმატებებს გისურვებთ.