საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 82.49%-იანი კლება ფიქსირდება, რაც პირდაპირ COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.
საქართველოს აეროპორტები 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში რეგულარული და არარეგულარული რეისებით სულ 799 ათას 16 მოემსახურა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 მლნ 564 ათას 38 მგზავრს, შესაბამისად კლება სწორედ 82.49%-ია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში ქვეყანამ რეგულარული ფრენების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ რეისები რამდენიმე კვირით შეაჩერა, ხოლო ნაწილი შეამცირა.
შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 29 იანვრიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, 23 თებერვლიდან შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან. 2020 წლის 6 მარტიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიასთან, ხოლო 21 მარტიდან, სრულად შეწყდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით.