LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიპტოვალუტით მოვაჭრეებს ახალი ვალდებულებები უჩნდებათ

106
1661170950

2023 წლის 1-ლი იანვრიდან კრიპტოვალუტების რეგულირება დაიწყება. როგორც ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი კალანდაძემ გადაცემა  „საქმეში“ განმარტა, რეგულაცია შეეხება იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც სერვისებს მესამე პირის სასარგებლოდ ახორციელებენ. მისივე ინფორმაციით, კანონი არ ვრცელდება მაინინგით დაკავებულ პირებზე და პირად გადარიცხვებზე, თუ ის მესამე პირების სასარგებლოდ არ ხორციელდება.

„ეს ეხება ბაზარზე მოქმედ იმ სერვის პროვაიდერებს, რომლებიც მესამე პირის საშუალებით ახორციელებენ ვირტუალური აქტივის გადაცვლას სხვა ვირტუალურ აქტივში, ნებისმიერ ვალუტაში ან ფინანსურ ინსტრუმენტებში; ახორციელებენ ვირტუალური აქტივის გადაცემას, ანუ ტრანზაქციას, ერთი საფულიდან მეორე საფულეში; ვირტუალური აქტივის შენახვას ან შესაბამისი სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირებას, სესხების გაცემას ვირტუალურ აქტივებში და ასევე, ვირტუალური აქტივის პირველად გამოშვებას. ეს არის გათვლილი ძირითადად იმ ბიზნეს სუბიექტებზე, რომლებიც ამ სერვისებს მესამე პირის სასარგებლოდ ახორციელებენ. პაკეტით გათვალისიწინებული საზედამხედველო ჩარჩო არ ვრცელდება მაინინგზე და იმ პირებზე, ვინც ამით არიან დაკავებული. ასევე, არ ვრცელდება პირად გადარიცხვებზე, თუ რა თქმა უნდა, ეს გადარიცხვები მესამე პირების სასარგებლოდ არ ხორციელდება“,- განაცხადა ირაკლი კალანდაძემ.

სები 2023 წლის 1-ელ ივლისამდე დაადგენს რეგისტრაციის წესს, რომლის გავლაც იქნება პირველადი მოთხოვნა. ამასთან, ე.წ ტოპ მენეჯერებისთვის აუცილებელი პირობა იქნება, რომ ისინი არ იყვნენ ნასამართლევი. ასევე ვირტუალური სერვისის პროვაიდერის ადმინისტრატორებმა, ე.წ ტოპ მენეჯმენტმა უნდა დააკმაყოფილოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაფერისობის კრიტერიუმი და მას შემდეგ, რაც ვირტუალური აქტივის სერვისების პროვაიდერი დარეგისტრირდება ეროვნულ ბანკში, მათ ექნებათ ვალდებულება, რომ თავიანთი საქმიანობა, შიდა კონტროლის მექანიზმები შესაბამისობაში მოიყვანონ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, კანონის მოთხოვნებთან.

“ბაზარს სჭირდება გარკვეული დრო, თავიანთი საქმიანობის შესაბამისობაში მოსაყვანად. ამ მიმართულებითაც, კანონი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს და ბაზრის მოთამაშეებს 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში ეტაპობრივად მოვიდნენ.

ეს არის კრიტერიუმები, რომელიც გულისხმობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მართავენ და იღებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს პროვაიდერის სახელით, არ უნდა იყვნენ ნასამართლევი სხვადასხვა ეკონომიკური, მძიმე დანაშაულის, ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ კარგად და სრულყოფილად წარუძღვნენ პროვაიდერის საქმიანობას“,- განაცხადა ირაკლი კალანდაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g