“ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 1 კრიტიკული და 1 მძიმე პაციენტი მკურნალობს.
“8 ახალი ინფიცირების შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 არის საკარანტინო სივრციდან, დანარჩენი კი არსებული ინფიცირებულების კონტაქტები არიან. ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული პაციენტი არ მოთავსებულა, სამი გამოჯანმრთელებული კი უკვე გაეწერა სახლში. გვყავს 44 ინფიცირებული. უცვლელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მცირე პროგრესი შეიმჩნევა კრიტიკულ პაციენტში, გუშინ პირველი დღე იყო, როდესაც მასთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა და, შეიძლება ითქვას, რომ შედარებით დასტაბილურდა მისი მდგომარეობა. თუმცა ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ის კვლავ რჩება კრიტიკულ პაციენტად, რომლის მდგომარეობის პროგნოზირება რთულია.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტი რჩება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. რაც შეეხება მოზარდებს, კლინიკა უკვე 5-მა მათგანმა დატოვა და ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 6 კოვიდ ინფიცირებული არასრულწლოვანი მკურნალობს.