საკონსერვო საწარმო ”კულამ” არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება დაიწყო. შესაბამისი ხელშეკრულება კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსთან გააფორმა.
საწარმო მანდარინის ჩაბარებას გორში მდებარე ქარხანაში დღეს დაიწყება. ”კულა” 300-დან 500 ტონამდე მანდარინის მიღებას გეგმავს.
”ვგეგმავთ 300-დან 500 ტონამდე მანდარინის გადამუშავებას. თუ იქნება, რა თქმა უნდა. რომ მოვიკითხე, ცოტა ჭირსო. იმიტომ რომ რუსეთში გადის დიდი რაოდენობით” – განუცხადა ”ფორტუნას” ”კულას” დამფუძნებელმა ვანო გოგოლაძემ.
მისივე თქმით, საწარმო 1 კგ-ს მანდარინს 40-50 თეთრად ჩაიბარებს.
”თუ აჭარაში კილოგრამი მანდარინის ფასი არის 20 თეთრი, ჩვენი ფასი იქნება 40-50 თეთრი. მეწარმეს უნდა უღირდეს, რომ მანდარინი ჩვენამდე ჩამოიტანოს. ჩვენთან იქნება მონიტორინგის სამსახური, რომელიც გადაამოწმებს, რამდენი მივიღეთ,” – აღნიშნა გოგოლაძემ.
”კულა” მანდარინისგან მურაბას, წვენსა და ჯემს ამზადებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის სუბსიდირებას ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ.