LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში 70-მდე დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

99
1

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს და მიმართვას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საერთო ჯამში, აღნიშნულ დაწესებულებებში საშტატო ცვლილებების შედეგად 70-მდე დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, უფლებადარღვეული დასაქმებულების ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოში დაიცავს:

“კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური საშტატო ცვლილებები დაიწყო, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო.

ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეროვნულ მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

ეროვნულ მუზეუმსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში რეორგანიზაციის შედეგად 30-მდე  თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ გამოაჩინა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურაა.

დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებით, დასაქმებულები თანამდებობიდან გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს ან ხელმძღვანელი პოზიციებიდან სხვადასხვა დაბალ პოზიციაზე გადაიყვანეს. რეორგანიზაცია ჩატარდა ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

საერთო ჯამში, აღნიშნულ დაწესებულებებში საშტატო ცვლილებების შედეგად 70-მდე დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა.

მიგვაჩნია, რომ კულტურის სამინისტრო ახორციელებს საკადრო წმენდას განსხვავებული მოსაზრებების გამო.

რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებულები ფასდებიან არა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის, არამედ მათი განსხვავებული მოსაზრებების, საჯარო პოზიციებისა და პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე, რაც ცალსახად წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას.

უფლებადარღვეული დასაქმებულების ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოში დაიცავს”, – აღნიშნულია “სოციალური სამართლიანობის” ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავარი მიზანი კულტურის სფეროში მიმდინარე ბოლშევიკური წმენდის გაპროტესტებაა.

აქციის წარმომადგენლები რეპრესიებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის სახელით სამსახურიდან ათზე მეტი მეცნიერი, კურატორი თუ ფონდის მცველი გაათავისუფლეს.

ვრცლად თემის შესახებ:

ხელოვნების მუზეუმში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს – გათავისუფლებული თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობას აკრიტიკებენ

რაც მისწავლია და მიშრომია… ყველაფერი ორმა იურისტმა ერთ წუთში გადამიწყვიტა – შალვა ამირანაშვილის მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი – რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი პატიოსანი მოქალაქეების აქციას: მიხეილ სააკაშვილი

magti 5g