LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუნძული და ნახევარკუნძული მთების წიაღში – ეს საქართველოა – „ბონ ვოიაჟი“

445
ტაბაწყური

განვაგრძობთ მოგზაურობას საქართველოში და ამჯერადბონ ვოიაჟისფარგლებში ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გადავინაცვლებთ. სამცხეჯავახეთი ტბებით ყველაზე მდიდარი მხარეა მთელ საქართველოში. ამ რეგიონში შეხვდებით ყველაზე ღრმა, ყველაზე დიდ და ყველაზე უცნაური სახელების მქონე ტბებს. ამჯერად ტაბაწყურს ვეწვევით და ამ საოცარი ადგილის შესახებ მოგიყვებით.

ადგილამდე მოხვედრა ბაკურიანიდან და ახალქალაქიდანაა შესაძლებელი. გზა გრუნტისაა, თუმცა სიფრთხილით სედანითაც მოახერხებთ ასვლას. ბორჯომიდან 60 კმ-ის გავლის შემდეგ ჯადოსნურად ლამაზ სოფელში მოხვდებით.

მე გირჩევდით ბაკურიანიდან ასვლას,რადგან გზა მთის კალთებს მიუყვება და საოცარ ხედებს იხილავთ,ასევე გაივლით უღელტეხილის უმაღლეს წერტილში,რომელიც დაახლოებით 2500 მეტრის სიმაღლეზეა და ხედები გაოცებაში მოგიყვანთ. გაითვალისწინეთ აუცილებლად მოგიწევთ სატრანსპორტო საშუალების პოლიციის შენობასთან გაჩერება სწორედ ამ წერტილში და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ შეგეძლებათ გზის გაგრძელება.

რაც შეეხება ზამთარს,ამ სეზონზე ბაკურიანიდან ასვლას ვერ შეძლებთ და მხოლოდ ახალქალაქიდან მოხვდებით ტბასთან. თუმცა ბაკურიანიდან ადგილობრივი და გზის კარგად მცოდნე ადამიანები კვადროციკლებითაც გადმოდიან ხოლმე,მაგრამ ამის თვითნებურად გაკეთებას არ გირჩევთ,რადგან ტყეში გზის არევის შანსი დიდია. ზამთარში ტბა იმდენად სქელი ყინულის ფენით იფარება,რომ მასზე გასვლაც შესაძლებელია,თუმცა ადგილობრივი მცოდნე პირის თანხლებით. ცივ სეზონზე აქაურობა სხვაგვარად გასაცარი და სანახაობრივია.

გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, კი გზად შეხვდებით მომთაბარე მეცხვარეების საცხოვრებლებსა და მთებზე შეფენილ ფარებს.

უმაღლესი წერტილიდან დაშვებას,რომ დაიწყებთ დაახლოებით 15 წუთში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ზღაპრული ტბის პირას აღმოჩნდებით.საქართველოში ზედაპირის ფართობით მეოთხე, ხოლო წყლის მოცულობით უდიდესი ტაბაწყურის, ან როგორც მეორენაირად უწოდებენ ტაბისყურის ტბა მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით საზრდოობს.ვახუშტი ბატონიშვილის მოსაზრებით, ტაბაწყური ხელოვნურად შექმნილი წყალსატევია. ტბის საშუალო სიღრმეა 15,5 მ, მაქსიმალური სიღრმე კი – 40,2 მ. ტბის წყალი მტკნარია და მდიდარია თევზით.

ტბის პირას გაშენებული სოფელი ნახევარკუნძულის სახით შეჭრილია ტბაში და კიდევ უფრო ზღაპრულ გარემოს ქმნის.

აქვე შეუძლებელია ვერ შენიშნოთ კუნძული,რომელიც ფრინველ გარიელის უკანასკნელი საბუდარია საქართველოში. გარიელს განახლებული რეგიონული წითელი ნუსხის მიხედვით კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსი მიენიჭა. აღსანიშნავია,რომ ჯავახეთის ტბების ნაწილი მიგრანტი ფრინველების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესასვენებელი და გამოსაკვები ადგილია მსოფლიოში.მამალი გარიელი შავი ფერისაა და 1,7 კგ-მდე იწონის, დედალი ცოტა ნაკლებს და მოსავო-მურა ფერისაა. შეიცავს 5 სახეობას. მათგან ერთი შავი გარიელი გვხვდება საქართველოში სწორედ ამ ტბაზე.

ტბას გარშემო ტყე და ულამაზესი სამსრის ქედი აკრავს. მისი მწვერვალი, რომლის სიმაღლე 3301 მეტრია, სამხრეთ საქართველოს უმაღლესი წერტილია. თამამად შეიძლება ითქვას,რომ საქართველოში არ არსებობს ადგილი, სადაც ერთი მთის მწვერვალიდან ერთდროულად ამდენი  ტბა მოჩანს: ფარავნის, აბულის, საღამოს, ტაბაწყურისა და ლევანის ტბები.

სოფელში ნახავთ ეკლესიის ნანგრევებსაც,რომლის კედლებზეც ჯერ კიდევ შეიმჩნევა რელიეფური გამოსახულებები. ტურის დაგეგმვისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ამინდი. ჯავახეთი ყველაზე ცივი ადგილია საქართველოში, აქ საშუალო წლიური ტემპერატურა 5.3°C-ია. ზაფხულშიც კი იქონიეთ თბილი სამოსი, რათა კომფორტულად დატკბეთ ტაბაწყურის სილამაზით. მშვიდი განტვირთვისა და გიჟური ცხოვრების რიტმისგან თავდასაღწევად აქ ზუსტად შესაფერისი ადგილია.

ღამის გასათევად ამ ეტაპზე ძირითადად კარვებით ან ერთდღიან ტურებზე ადიან,თუმცა სოფელში საოჯახო სასტუმროსაც ნახავთ. მშენებლობის პროცესშია კოტეჯიც,რომელიც მომხმარებელს სავარაუდოდ მალე მიიღებს და მას მარტივად შენიშნავთ ტბის პირას ტყის მასივის ფონით.

magti 5g