LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვარტეტი ”ტიფლისი”: ვინ არიან მისი წევრები და რა არის მათი კოზირი ქართულ ესტრადაზე?

Ardaidardo.Geგადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” კვარტეტი ”ტიფლისი” ესტუმრა. მისი წევრები არიან: ლევან ჯორჯიაშვილი, დავით მაჩიტაძე, ლევან ტურაშვილი და ბეჟან ამირანაშვილი. მათი პროდიუსერი კი ოთარ ედიშერაშვილი გახლავთ.


ვისი იდეით შეიქმნა კვარტეტი?

ოთარი: – კვარტეტი უკვე შექმნილი იყო, როდესაც მე მათთან აღმოვჩნდი. მისი წევრები ბავშვობიდან მეგობრობენ. ერთ მშვენიერ დღეს, ბეჟანმა თავისი სამეგობრო გამაცნო. ისინი არაჩვეულებრივად მღეროდნენ. გაჩნდა იდეა, რომ საკუთარი მუსიკაც შეექმნათ. ვეცადეთ და მგონი გამოგვივიდა.


ბეჟან, შენით დავიწყოთ, შენ ”მგზავრებშიც” ხარ. როგორ ახერხებ ამას?

ბეჟანი: – ერთიც და მეორეც სამეგობრო წრეა, არის სიყვარული მუსიკისადმი, მეგობრებისადმი. პირადად ჩემთვის, კომფორტია ორივე ჟანრში ყოფნა. ”მგზავრებში” გიტარას ვუკრავ, კვარტეტში კი ბანს ვმღერი და სიმღერებსაც ვწერ. კვარტეტის შექმნაზე არასოდეს გვიფიქრია. თუმცა იდეა დაიბადა, რომლის სულის ჩამდგმელი არის ჩვენი ოთო, ნელ-ნელა მივიწევთ წინ. მე მხოლოდ მუსიკით ვირჩენ თავს, პროფესიით ქიმიკოსი ვარ და ამ განხრით ერთი დღე არ მიმუშავია. მონდომება და შრომაა მთავარი. 

– შეასრულებთ თუ არა ძველ ჰიტებსაც ახალ სიმღერებთან ერთად?

ოთარი: – რამდენიმე დღის წინ შევხვდით ქალბატონ მაცაცო სებისკვერაძეს. სანამ სიმღერას ვთხოვდით, მოვასმენინეთ ჩვენი ნამღერი და მას ძალიან მოეწონა. ჩვენს ხაზს არ გადავუხვევთ, თუმცა ცნობილ სიმღერებსაც ვიმღერებთ. ალბომში ნაკლებად ცნობილი სიმღერები შევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ის არ აქვს რომელიმე შემსრულებელს ან კვარტეტს ჩაწერილი.


– რატომ ”ტიფლისი”?

ოთარი: – როდესაც შევიკრიბეთ, სახელი არ გვქონდა. ”ტიფლისი” ემოციურ ფონს გულისხმობს. ”ფეისბუქის” გვერდზეც დაგვისვეს ეს შეკითხვა. ჩვენთვის ეს სიტყვა წმინდად ემოციურ დონეზე წამოვიდა. არ გვინდოდა თბილისის თემატიკას გავცდენოდით, თუკი ჩნდება კითხვა რატომ, ეს მარკეტინგულად ძალიან კარგია და მაწყობს. ”თბილისს” ვერ დავარქმევდით, რადგან უკვე არსებობს. ემოციას უფრო იწვევს ეს ჩემში, ვიდრე სიტყვა თავისი მნიშვნელობით რაღაცას.


– რამდენი სიმღერა გაქვთ ამ ეტაპზე ჩაწერილი?

ოთარი: – ერთი დასრულებულია, ორი სიმღერა მუშაობის პროცესშია, სამი რიგში დგას. საბოლოო ჯამში ყველა სიმღერა უკვე მოაზრებული გვაქვს, რაც ალბომში უნდა შევიდეს.


– რას აძლევს დღეს ჯგუფს საქართველოში ალბომის შექმნა?

ოთარი: – საბოლოო ჯამში, ეს სავიზიტო ბარათია. თუ პროდუქტს ხვალ გაყიდვა მოუწევს, უნდა იცოდეს ადამიანმა ზუსტად, თუ რასთან აქვს საქმე. არ ვეთანხმები ხოლმე იმ მიდგომას, როდესაც ”ლაივი” და სტუდიური ჩანაწერი ერთი ერთშია. ის ინტერესი, რაც ლაივს აქვს, აუცილებლად უნდა იყოს.


– სად არის თქვენი მოსმენა შესაძლებელი?

ოთარი: – უკვე იყო რამდენიმე ზარი, რომელიც ბიჭების რომელიმე ობიექტზე დაკავებას გულისხმობდა. მე ამის წინააღმდეგი ვარ. თუმცა, არ გამოვრიცხავ კონკრეტულ წვეულებას, სწორად დაგეგმილ მარკეტინგულ სვლებს. ჩვენი ფორმატი მაინც უფრო სასცენოა.


– არ გაქვთ კომერციული ინტერესი, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა იარსებოთ?

– ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ თუ ბიჭებს სურდათ ფულის შოვნა, მე არ გამოვადგებოდი. თუმცა, ეს ეტაპი აუცილებლად დადგება და მაშინ რაღაცას მოვიფიქრებთ. თითოეული ჩვენთაგანი ჩვენი ჯიბიდან ვიღებთ საჭირო ხარჯებისთვის თანხას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ.


– ოთარ, თქვენ პროდიუსერობთ ”მგზავრებსაც”. მე მიმაჩნია, რომ კარგი კომერციული პროდუქტია და გემრიელი მუსიკაა, ამიტომაც გაამართლა. რა გათვლები გაქვთ ”ტიფლისთან”?

ოთარი: – მე და ”მგზავრები” გავერთიანდით არა კომერციული მიზნებისთვის. ვიყავი ციცინოს, გიგის დედის უახლოესი მეგობარი. სწორედ ურთიერთობებიდან გამომდინარე შევეცადე დავხმარებოდი ისე, როგორც შემეძლო. სტარტაპი იყო ის, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვიყავით შეყვარებულები. ასეა კვარტეტის შემთხვევაშიც. ბეჟანი ჩემი უახლოესი მეგობარია. მისი და მისი მეგობრების შემთხვევაშიც რესურსი ნამდვილად იყო.


– ქალაქური მუსიკის მიმდევრებს ძალიან რთული გზის გავლა უწევთ, თქვენი კოზირი რა არის, რითი აპირებთ თქვენი ადგილის პოვნას?

ოთარი: – მნიშვნელოვანია ის, რომ კოლექტივი არ არის შეკრული პროფესიონალი მუსიკოსებით და მე ეს კოზირად მიმაჩნია. ცალცალკე აყვანილ ოთხ პროფესიონალს ყოველთვის მირჩევნია ოთხი არაპროფესიონალი. გარდა ამისა, როდესაც იწერება სიმღერა შიგნით, ეს ძალიან კარგია. ამასთან ერთად არცერთს არ აქვს კომერციული შეხედულება ამ საქმისადმი და არ სურთ ხვალვე გახდნენ პოპულარულები.


– არ არის რთული სტუდიაში გამოუცდელი ადამიანის მუშაობა?

ოთარი: – ერთად მუშაობის გამოცდილება ნამდვილად არ გვაქვს. დათო უგრეხელიძე მოგვეხმარა სიმღერის ჩაწერაში. მან აღნიშნა, რომ ძალიან სწრაფად ჩავწერეთ. ვოკალური მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შარმი, სულითა და გულით ნამღერი. მოტივი, სახე მიმიკა აკეთებს იმას, რომ ბალანსი არის შემდგარი.


– ლევან, თქვენი თავი გაგვაცანით…

– ერთადერთი გამოცდილება ის არის, როდესაც 8 წლის ასაკში ფლეიტაზე ვუკრავდი. ყველაზე დიდი გამოცდილება ჩემთვის ჩემ მეგობრებთან ურთიერთობებია. ვმღეროდი მხოლოდ ოჯახში, მოყვარულის დონეზე. კვარტეტში ვმღერი მაღალ მეორე ხმას.


– დავით, მოგვიყევით თქვენს შესახებ…

– დაახლოებით 7 წლის ასაკში პიონერთა სასახლეში ანსამბლ ”მირანგულაში” ვმღეროდი, თუმცა ამ სფეროში სერიოზულად არ მიმუშავია. ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელაში ვიყავით ყველა და იქიდან მოვდივართ ერთად. ტენორს ვმღერი. ისე, ინჟინერი ვარ განათლებით.


– კიდევ ერთი წევრი, ლევან ჯორჯიაშვილია…

– 7-8 წლიდან მეც პიონერთა სასახლეში, ქალბატონ შურა ჯანელიძესთან ვიყავი, შემდეგ იყო ჯანსუღ კახიძის კაპელა, კონსერვატორიის ათწლედი დავამთარე.


– როგორ ხედავთ კვარტეტს ორი წლის შემდეგ?

ოთარი: – კონცეპტუალურად პროდუქტი არ უნდა შეიცვალოს. როდესაც ადამიანი რომელიმე პროფილით შედეგს აღწევს, ამის შეცვლა შემდეგ აღარ შეიძლება. შეიძლება ინსტრუმენტები დაემატოს.


– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ, რომელიც დღეიდან ჩვენს ტალღაზე იტრიალებს…

ბეჟანი: – მორის ფოცხიშვილის ტექსტია, მუსიკა ჩემია, დათო უგრეხელიძესთან ჩაიწერა. ეს ჩვენი პირველი სტუდიური ჩანაწერია. სიმღერის სახელოწოდებაა ”ბალადა”.

კვარტეტი “ტიფლისი” – ბალადა
კომპოზიტორი: ბეჟან ამირანაშვილი
ტექსტი: მორის ფოცხიშვილი

AudioKVARTETI TIFLISI – BALADA


გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioDAMZADEBULIA SAQARTVELOSHI – KVARTETI TIFLISI

კვარტეტი “ტიფლისი” – ქარში ორნი. Live

კვარტეტი “ტიფლისი” – Live 2

კვარტეტი ტიფლისი – Live 3

ვიდეო კოლაჟი

ფოტო