საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრით დაიწყო.
შეხვედრის დასაწყისში, ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მე ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში. ჩვენ ბევრ რამეზე მოვილაპარაკეთ, მაგრამ მთავარია, რომ ჩავხედეთ ერთმანეთს თვალებში და მივხვდით, რომ დიდი შესაძლებლობები გვაქვს. მაშინ მივიღეთ თანამშრომლობის გადაწყვეტილება და პირობას გაძლევთ, რომ უკან არ დავიხევთ. თქვენ ჩვენთვის უცხოები არ ხართ და მიხარია, რომ თავს ისე გრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თანამშრომლობას ეკონომიკის სფეროში, ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარი იყოს და ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გადავდგათ. კარგია, რომ ჩამოხვედით, იცოდეთ, რომ ბელარუსი თქვენთვის უცხო არ არის და როგორც ვიყავით მეგობრული ქვეყნები, დღემდე ვემხრობით ამ პოლიტიკას“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკურ ურთიერთობებში კიდევ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი.
გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის დროს დაწყებული პროექტები სულ მალე კონკრეტული შედეგებით დასრულდება.
„პოტენციალი კიდევ დიდია. ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა გვაქვს ინვესტიციების კუთხით. ჩემთვის დიდი პატივია ამ ქვეყანაში ყოფნა, რომელიც მუდმივად გვერდით ედგა საქართველოს, ქართველები ამას აფასებენ. თქვენი პირადი წვლილი ამ ურთიერთობებში დიდია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თქვენს მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობას ვაჭრობის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. საუბარი შეეხო ტურიზმის მზარდ ტენდენციას და გამოითქვა კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გამყარების იმედი.
საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას და იმ შეთანხმებების იმპლემენტაციის საკითხს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას გაფორმდა.
მხარეებმა, ორმხრივ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებთან ერთად, ყურადღება რეგიონში არსებულ ვითარებასაც დაუთმეს.