მზე უკვე გადავიდა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერდება ემოციურობა, მგრძნობელობა, ინტუიცია, რომანტიკულობა, ოჯახური ფასეულობებისადმი ერთგულება, ასევე სამშობლოსა და ტრადიციების მიმართ პატრიოტული დამოკიდებულება.
ეს კვირა პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველი ნახევარი, 25 ივნისამდე, მეტად ხელსაყრელია მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად, ახალი ინიციატივების დასაწყებად და დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად. მეორე ნახევარი კი, 25 ივნისის შემდეგ, შედარებით რთულ ტენდენციებს მოიცავს და ყველასგან მეტ სიფრთხილესა და წინდახედულებას მოითხოვს, რადგან ენერგეტიკული ფონი ნაკლებად სტაბილური გახდება.
ვერძი – ეცადეთ, მაქსიმალურად იაქტიუროთ 25 ივნისამდე, რადგან ეს ნაყოფიერი და შემოქმედებითი პერიოდია. ადრინდელი იდეების რეალიზების შესაძლებლობა გექნებათ. ურთიერთობები, მათ შორის ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან, უფრო სტაბილური გახდება. განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება ნათესავებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა. შესაძლებელია რამდენიმე საყოფაცხოვრებო პრობლემის წარმატებით მოგვარებაც.
კვირის მეორე ნახევარი ამ მიმართულებით შედარებით რთულია. შესაძლოა, დაიძაბოს ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. ასევე, მეტი დრო, ენერგია და ფინანსური რესურსი დაგჭირდეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. ამიტომ კვირის მეორე ნახევარი განსაკუთრებული წინდახედულებით გაიარეთ.
კურო – კვირის პირველი ნახევარი მაქსიმალურად აქტიურად გამოიყენეთ. 26 ივნისამდე საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდი გაქვთ, რადგან ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა სტაბილურია და წარმატების შანსებიც მნიშვნელოვნად იზრდება. საერთო ჯამში, პოზიტიური პერსპექტივები იკვეთება როგორც საქმიან, ისე პირად სფეროში. შეხვედრები, მოლაპარაკებები და საქმიანი კონტაქტები კონსტრუქციულად წარიმართება. შესაძლოა, ახალი პარტნიორული თანამშრომლობაც ჩამოყალიბდეს. ხელსაყრელია მოგზაურობები, ახალი იდეების განხორციელება და ფინანსური საკითხების მოგვარება.
თუმცა 26 ივნისიდან მეტი ყურადღება დაგჭირდებათ. გაიზრდება შეცდომებისა და მოტყუების ალბათობა. მოგზაურობისას ან გადაადგილების დროს შესაძლოა მცირე სირთულეები წარმოიშვას. თუ ხელშეკრულებების გაფორმება მოგიწევთ, თითოეული პუნქტი განსაკუთრებული სიფრთხილით გადაამოწმეთ.
ტყუპები – 25 ივნისის ჩათვლით პერიოდი ძალიან ხელსაყრელია. გამოიყენეთ ეს დრო მაქსიმალური აქტიურობისთვის. თქვენი ორატორული შესაძლებლობები და კომუნიკაბელურობა განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება, რაც წარმატებულ მოლაპარაკებებსა და მნიშვნელოვან შეხვედრებს შეუწყობს ხელს. კარგი პერიოდია ჟურნალისტიკის, მედიისა და სარეკლამო საქმიანობისთვის. ასევე ხელსაყრელია საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზება და ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობა. თქვენი პოპულარობა გაიზრდება, ხოლო ადრე დაწყებული საქმეები ფინანსურ სარგებელსაც მოგიტანთ.
26 ივნისიდან მეტი სიფრთხილეა საჭირო. შესაძლოა, არასასიამოვნო ან გარკვეულ შემთხვევებში სახიფათო სიტუაციებშიც კი აღმოჩნდეთ. მოერიდეთ რისკიან ქმედებებს. ნუ შეეცდებით ირგვლივ მყოფებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენას, რადგან ამან შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. კვირის მეორე ნახევარი მშვიდად და წინდახედულად გაატარეთ.
კირჩხიბი – კვირის პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებულია. ეს თქვენი დროა, რადგან ენერგოტონუსი ყოველდღიურად იზრდება. გახდებით უფრო აქტიური, შრომისმოყვარე, მიზანმიმართული, მომთმენი და ოპტიმისტურად განწყობილი. მნიშვნელოვნად გაძლიერდება ინტუიციაც. თუ დიდი ხანია მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას ელოდებით, ახლა მოქმედების დროა. შესაძლოა, საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები და ნიჭი აღმოაჩინოთ. ეფექტიანად გამოიყენეთ ყველა შანსი, რომელიც პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზაციას შეუწყობს ხელს. გაიზრდება თქვენი პოპულარობა, პიროვნული შარმი და მიმზიდველობა. ეს ის პერიოდია, როდესაც შეგიძლიათ გადახედოთ პრიორიტეტებს, ახალი გეგმები დაისახოთ და წარმატებით განახორციელოთ.
26 ივნისიდან მეტი ყურადღებაა საჭირო. შესაძლოა, შემოქმედებით საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე გადაერთოთ იმდენად, რომ სამუშაო ვალდებულებებს ნაკლები დრო დაუთმოთ. ამან შეიძლება დაძაბოს ურთიერთობები ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან ან უფროსი თაობის ნათესავებთან.
ლომი – 26 ივნისამდე საკმაოდ წარმატებული პერიოდი გაქვთ. ენერგია და ძალები საკმარისად გეყოფათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. იღბალიც თქვენს მხარეს იქნება. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევენ ან საინტერესო პერსპექტივებს შემოგთავაზებენ. ხელსაყრელია სიახლეების, რეფორმებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. ასევე შესაძლებელია ახალი და სასარგებლო ნაცნობობების დამყარება.
კვირის მეორე ნახევრიდან ენერგოტონუსი შედარებით შემცირდება. ემოციური არასტაბილურობაც მეტად იჩენს თავს. ეცადეთ, არ იყოთ ზედმეტად სულსწრაფი და მოუთმენელი. ყურადღებით მოეკიდეთ ნათქვამ სიტყვებს და შეინახეთ კონფიდენციალური ინფორმაცია. 26 ივნისიდან იწყება ე.წ. დაბადების წინა პერიოდი, როდესაც იმუნიტეტი შედარებით სუსტდება, ემოციური ფონი მერყევი ხდება და იზრდება ჭორების, ინტრიგებისა და მოშურნე ადამიანების გავლენა. ამიტომ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინეთ.
ქალწული – 26 ივნისამდე კვირა მაქსიმალურად აქტიურად უნდა გაატაროთ. ენერგოტონუსი იზრდება, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ემოციური ფონი მეტად დაბალანსებული ხდება.
ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების ან განვითარების შესაძლებლობა მიეცეს. შემოქმედებითი საქმიანობისთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია. ადრე დაწყებული პროექტებიდან შესაძლოა მატერიალური სარგებელიც მიიღოთ, რაც თქვენს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს. კვირა კარგია სიახლეების, რეფორმებისა და ახალი მეგობრული კავშირების დასამყარებლად. ასევე შესაძლებელია არსებული ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანა.
26 ივნისიდან კი საქმეებში შეცდომების დაშვების ალბათობა იზრდება. შესაძლოა, გარკვეული უთანხმოებები წარმოიშვას როგორც კოლეგებთან, ისე საქმიან, სასიყვარულო ან მეგობრულ პარტნიორებთან. ასევე მოიმატებს მოტყუების რისკი, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.
სასწორი – 26 ივნისამდე, ანუ პარასკევამდე პერიოდი თქვენთვის საკმაოდ ხელსაყრელია. ამ დღეებში მაქსიმალურად გამოიყენეთ შესაძლებლობა და მოასწარით ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები და მოლაპარაკებები. ამ პერიოდში განსაკუთრებით ეფექტიანად წარიმართება როგორც პირადი, ისე საქმიანი ურთიერთობები.
გაძლიერებულია მეგობრული კონტაქტებიც და მათგან მხარდაჭერის მიღების ტენდენცია. პერიოდი ხელსაყრელია ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, ქორწინებისთვის, ერთობლივი პარტნიორული საქმიანობისთვის, მოგზაურობისა და უცხოელებთან აქტიური კომუნიკაციისთვის, მათ შორის მივლინებებისა და საქმიანი ვიზიტებისთვის.
კვირის მეორე ნახევარი კი მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. შესაძლოა, მოგზაურობისას წარმოიშვას სხვადასხვა სახის სირთულეები – ბარგის დაკარგვა, საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები ან სხვა ტექნიკური შეფერხებები. ასევე შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია დიპლომატია, თავდაჭერა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
მორიელი – 26 ივნისამდე პერიოდი თქვენთვისაც პოზიტიურია. ის ხელს უწყობს სტაბილურ პარტნიორულ და საქმიან ურთიერთობებს, ბიზნეს-კონტაქტებს და ზოგადად რეპუტაციისა და სოციალური პოზიციის გაუმჯობესებას. ეს დრო განსაკუთრებით კარგია იდეების რეალიზაციისთვის. ხელსაყრელია მოგზაურობა, გადაადგილება და უცხოელებთან აქტიური კონტაქტები. შესაძლებლობები მრავალმხრივია და სწორად გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.
26 ივნისიდან შესაძლოა მნიშვნელოვანი და რადიკალური ცვლილებები მოხდეს სამსახურში, რისთვისაც ზოგიერთი თქვენგანი მზად არ აღმოჩნდეს. ამ ცვლილებებს შეიძლება გარკვეული დაძაბულობა მოჰყვეს ურთიერთობებში. ამ პერიოდიდან მოგზაურობის დროსაც კი მეტი სიფრთხილე გმართებთ.
მშვილდოსანი – 26 ივნისამდე პერიოდი ხელსაყრელია საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვისთვის, საჯარო გამოსვლებისთვის და რეიტინგის ზრდისთვის. ასევე ძალიან კარგი დროა სწავლისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები და პროგრესული გზები იპოვოთ როგორც კარიერული, ისე პიროვნული განვითარების კუთხით.
კვირის მეორე ნახევრიდან კი მეტი სიფრთხილეა საჭირო. იზრდება მოტყუების მცდელობისა და ფინანსური სირთულეების რისკი. შესაძლებელია გულგატეხილობის ტენდენციაც. ფარული ოპონენტები და მოშურნეები გააქტიურდებიან თქვენს წინააღმდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია სიფრთხილე, ინფორმაციის კონტროლი და კონფიდენციალურობის დაცვა.
თხის რქა – ენერგოტონუსი მატულობს, რაც ზრდის შრომისუნარიანობას, ნებისყოფას, მოთმინებასა და მიზანსწრაფულობას. 26 ივნისამდე პერიოდი მაქსიმალურად აქტიურად უნდა გამოიყენოთ როგორც პროფესიულ, ისე პირად სფეროში. შესაძლებელია მეტი სტაბილურობის განცდა და პოზიტიური ცვლილებები, მათ შორის საოჯახო საკითხებში. შესაძლოა მნიშვნელოვანი შესყიდვები დაგეგმოთ ან საცხოვრებელი სივრცის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ.
კვირის მეორე ნახევარი მეტ ყურადღებას მოითხოვს, რადგან საოჯახო პრობლემებმა შეიძლება გადაფაროს თქვენი პროფესიული ვალდებულებები. ეს კი სირთულეებსა და დაძაბულობას გამოიწვევს, ამის თავიდან ასარიდებლად კი მნიშვნელოვანია დროისა და ენერგიის სწორად გადანაწილება.
მერწყული – 26 ივნისამდე პერიოდი ხელსაყრელია როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში სტაბილურობისთვის. გაუმჯობესდება სასიყვარულო ურთიერთობები, ასევე შვილებთან და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია. ქორწინებისა და პარტნიორული ურთიერთობების დალაგებისთვის ეს კარგი დროა.
თუმცა 26 ივნისიდან სიფრთხილეა საჭირო. შესაძლოა, თქვენი ხედვები და დამოკიდებულებები მკვეთრად შეიცვალოს, რაც გარკვეულ სირთულეებს შექმნის ურთიერთობებში. თუ რაიმე არაკანონიერ საქმიანობაში ხართ ჩართული, მისი გამოვლენის რისკი იზრდება. ასევე ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და კოლეგებთან ურთიერთობას, რათა მომავალში დაძაბულობა თავიდან აიცილოთ.
თევზები – 26 ივნისამდე პერიოდი პოზიტიურია. ენერგოტონუსი იზრდება, მატულობს შრომისუნარიანობა, ნებისყოფა და შინაგანი სიმტკიცე. ინტუიცია ძლიერდება, რაც სწორ გადაწყვეტილებებში დაგეხმარებათ. ფინანსური მდგომარეობა შედარებით სტაბილურია და შესაძლებელია დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღებაც. გაუმჯობესდება ურთიერთობები როგორც სასიყვარულო პარტნიორთან, ისე შვილებთან.
კვირის მეორე ნახევარი მეტ ყურადღებას მოითხოვს ჯანმრთელობის კუთხით. განსაკუთრებით საჭიროა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოვლა. მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობას და ემოციურ გადატვირთვას.
გეომაგნიტური დღეები – 22, 23, 26, 28 ივნისი.