LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: ბოლო 30 წელიწადში ნაცრისფერი ავტომობილების პოპულარობა ექვსჯერ გაიზარდა

106
1098x1098

საავტომობილო ბაზრის ანალიტიკური კომპანია iSeeCars-ის კვლევის მიხედვით, 2025 წელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების 80,4% სადა ფერებში – თეთრში, შავში, ნაცრისფერსა და ვერცხლისფერში იყო შეღებილი.

კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად ნაცრისფერი ფერის პოპულარობა გაიზარდა. 1996 წელთან შედარებით, ამ ფერის ავტომობილებზე მოთხოვნა 528,4%-ით, ანუ ექვსჯერ არის მომატებული. ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა თეთრი, შავი და ვერცხლისფერი ავტომობილების წილიც.

1996 წელს მონოქრომული ფერის ავტომობილები ბაზრის მხოლოდ 47,3%-ს შეადგენდა, დღეს კი მათი წილი უკვე 80,4%-ს აღწევს.

მონოქრომულ ფერებს შორის ყველაზე პოპულარული არჩევანის მიუხედავად, ლურჯი ერთადერთი მკვეთრი ფერია, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი ხუთეულის შემადგენლობაში მოხვდა – 2025 წელს მისი წილი 9,1% იყო. წითელი ავტომობილები გაყიდვების 7%-ს შეადგენდა, მწვანე – 2,2%-ს, ხოლო ყავისფერი, კრემისფერი და ყვითელი ფერების საერთო წილი 1%-საც ვერ აღწევს. ოქროსფერი და იისფერი ავტომობილები კი პრაქტიკულად გაქრა ბაზრიდან.

სეგმენტების მიხედვით, ყველაზე კონსერვატიული არჩევანი პიკაპების მყიდველებს აქვთ – მათი 83,5% მონოქრომულ ფერებშია შეღებილი. სედანებში ეს მაჩვენებელი 80,7%-ია, ხოლო კროსოვერებში – 79%-ზე მეტი.

ყველაზე მრავალფეროვანი კატეგორია სპორტქარებია – ამ სეგმენტში გაყიდული ავტომობილების 36,2% სწორედ მკვეთრ და არამონოქრომულ ფერებშია წარმოდგენილი, რაც აჩვენებს, რომ სპორტული ავტომობილების მყიდველები უფრო თამამ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები