LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: კოვიდ-19-ით რეინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევის ალბათობა 90%-ით ნაკლებია, ვიდრე პირველი ინფიცირებისას

321
page

ახალი კვლევის თანახმად, კოვიდ-19-ით  რეინფიცირება იშვიათია, იმ შემთხვევაში კი, თუ ხელმეორედ მაინც დავინფიცირდით, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევის ალბათობა 90%-ით ნაკლებია, ვიდრე პირველი ინფიცირებისას.

კვლევა, რომელიც „New England Journal of Medicine“-ში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ყატარში ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ საერთო  ჯამში  ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 353,326 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის საკმაოდ იშვიათი იყო რეინფიცირების ფაქტები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც საშუალო ან მსუბუქი მიმდინარეობის იყო.

ყატარში ახალი კორონავირუსის პირველი ტალღა 2020 წლის მარტიდან ივნისამდე გაგრძელდა. მას შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის 40%-ს სისხლში კოვიდის გადატანის შემდგომ დარჩენილი ანტისხეულები აღმოაჩნდა. დელტა ვარიანტის გამოჩენამდე ყატარმა ვირუსის კიდევ ორი ტალღა გადაიტანა.

კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ სარს-კოვ-2-ით რეინფიცირება უფრო მოსალოდნელია 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო პირველად და მეორედ ვირუსით ინფიცირებას შორის შუალედი საშუალოდ 9 თვის ვადით განისაზღვრა.

აღმოჩნდა, რომ ყატარში კოვიდით რეინფიცირებული 1304 ადამიანიდან ჰოსპიტალში გადაყვანა მხოლოდ 4-ს დასჭირდა, თუმცა არცერთი რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ. არცერთი შემტხვევა ლეტალურად არ დასრულებულა.

პიტსბურგის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის პროფესორის, ჯონ ელკორნის თქმით, ყატარში ჩატარებული კვლევის შედეგები შთამბეჭადავია.

„მხოლოდ 4 ჰოსპიტალიზაცია ამდენი რეინფიცირების შემთხვევიდან და არცერთი გარდაცვლილი. აქედან გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება. თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვლევა ყატარში ჩატარდა და უცნობია, იგივენაირი იქნება თუ არა ვირუსის ქცევა სხვა ადგილებშიც.“ – აცხადებს ელკორნი.

იგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ყატარში ჩატარებული კვლევისას საუბარი ვირუსის ალფა და ბეტა შტამებით ინფიცირებულ ადამიანებს ეხებათ, დელტა ვარიანტის შემთხვევაში კი მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა.

ელკორნი, როგორც იმუნოლოგი თვლის, რომ დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, თუ ანტისხეულების რა რაოდენობაა საჭირო ადამიანის რეინფიცირებისაგან დასაცავად, რადგან მისთვის ცნობილია, რომ ანტისხეულების რაოდენობა ყველასთან სხვადასხვაა. შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ  ვირუსის ერთხელ გადატანა ყველა ადამიანისათვის არ იქნება საკმარისი საიმისოდ, რომ ის რეინფიცირებისაგან დაცული იყოს.

პროფესორი ამბობს იმასაც, რომ თუნდაც ბუნებრივი იმუნიტეტი 9 თვე გვიცავდეს რეინფიცირებისაგან, ეს აცრაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა გახდეს.

„ჯერ ერთი, ყველაფერი ინდივიდუალურია. თანაც, როდესაც მანქანაში ვსხდებით, ხომ არ ვკითხულობთ, საჰაერო ბალიში უფრო გვიცავს თუ ღვედი? ორივეს ვიყენებთ. ასევე უნდა მოვიქცეთ კორონავირუსთანაც და დაცვის ყველა საშუალება გამოვიყენოთ.“- აცხადებს ელკორნი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g