LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: საფრანგეთში ქალები შინაურ ცხოველებს უფრო ხშირად უღებენ ფოტოებს, ვიდრე საკუთარ შვილებს

115
ქირიას NEWS შაბლონი (1)

საფრანგეთში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები შინაურ ცხოველებს უფრო ხშირად უღებენ ფოტოებს, ვიდრე საკუთარ შვილებს. გამოკითხვა ფოტოგრაფიის 200 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში 18 წელს გადაცილებული 1 000 ადამიანი მონაწილეობდა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ქალთა 39% ყველაზე ხშირად შინაური ცხოველების ფოტოებს იღებს, მაშინ როცა 35% უფრო ხშირად შვილებს აფიქსირებს. მამაკაცებში განსხვავება შედარებით მცირეა – შინაურ ცხოველებს 28% იღებს, ხოლო შვილებს 25%.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ შინაური ცხოველები დღეს ოჯახის სრულფასოვან წევრებად მიიჩნევიან. მათ ხშირად იღებენ სახლში, გასეირნებისას, მოგზაურობის დროს და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, რის გამოც ისინი სულ უფრო ხშირად ხვდებიან საოჯახო ფოტოებში.

CEWE France-ის პრეზიდენტის, ლორანს კურტინა-ვერნონის თქმით, შინაური ცხოველები უკვე აღარ რჩებიან „კადრს მიღმა“ – ადამიანები ცდილობენ, მათი ყოველდღიური და ემოციური მომენტებიც შეინახონ ფოტოების სახით.

მკვლევრები განმარტავენ, რომ შედეგები სულაც არ ნიშნავს, თითქოს ადამიანები შინაურ ცხოველებს შვილებზე მეტად აფასებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ბევრი რესპონდენტის შვილი უკვე ზრდასრულია და ცალკე ცხოვრობს, ხოლო ახალგაზრდა მშობლები ბავშვების ფოტოების საჯაროდ გავრცელებას უფრო ფრთხილად ეკიდებიან. შინაური ცხოველების ფოტოების გაზიარება კი მსგავსი კონფიდენციალურობის საკითხებს არ უკავშირდება.

გამოკითხვის თანახმად, ყველაზე პოპულარული ფოტო სიუჟეტი მაინც პეიზაჟებია – მათ რესპონდენტების 44% იღებს, ხოლო მეორე ადგილზე მოგზაურობის შთაბეჭდილებებია (40%).

კვლევა ფოტოგრაფიის 200 წლის იუბილეს დაემთხვა. სწორედ 1826 წელს ფრანგმა გამომგონებელმა ჟოზეფ ნიეპსმა მსოფლიოში პირველი შემორჩენილი ფოტო – „ხედი ფანჯრიდან ლე გრაში“ შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები