LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: სამსახურში ყოველ საათში 5 წუთიანი გასეირნება ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისათვის საუკეთესო გამოსავალია

122
ქირიას NEWS შაბლონი

სამსახურში ხანგრძლივი დროით ჯდომა თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად მიიჩნევა. სპეციალისტები დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ უმოძრაო სამუშაო რეჟიმი ზრდის სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს. ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ ამ პრობლემის შესამცირებლად რთული ვარჯიშები ან ხანგრძლივი შესვენებები აუცილებელი არ არის.

სამედიცინო ჟურნალ British Journal of Sports Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სამუშაო დღის განმავლობაში ყოველ საათში ერთხელ 5 წუთიანი გასეირნება ჯანმრთელობის, განწყობისა და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად ყველაზე ეფექტური და პრაქტიკული მეთოდია.

კვლევა Columbia University-ის მეცნიერებმა ჩაატარეს. მასში 11 ათასზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ძირითადად ოფისებში 8-9 საათიან სამუშაო გრაფიკში მუშაობდნენ. პირველ ეტაპზე მონაწილეები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს აგრძელებდნენ და ყოველდღიურად აფასებდნენ საკუთარ ენერგიას, განწყობას, დაღლილობასა და შრომისუნარიანობას.

შემდეგი ორი კვირის განმავლობაში მათ სთხოვეს, სამუშაო საათებში ყოველ 30 წუთში, ყოველ საათში ან ყოველ ორ საათში ერთხელ 5 წუთით გაესეირნათ. მიღებული შედეგების შედარებამ აჩვენა, რომ ყველაზე კარგი ეფექტი სწორედ საათში ერთხელ 5 წუთიანმა გასეირნებამ მოიტანა.

მკვლევრების თქმით, ყოველ ნახევარ საათში შესვენება განწყობაზე დადებითად მოქმედებდა, თუმცა ზოგ შემთხვევაში სამუშაო პროცესს აფერხებდა. ყოველ ორ საათში ერთხელ სიარული კი ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა. საათში ერთხელ მცირე ფიზიკურმა აქტივობამ მონაწილეებში ენერგიის დონის ზრდა, დაღლილობის შემცირება და უკეთესი ემოციური მდგომარეობა გამოიწვია, პროდუქტიულობაზე უარყოფითი გავლენის გარეშე.

კვლევის ხელმძღვანელის, კიტ დიასის განცხადებით, კარგი ამბავი ის არის, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ცვლილებების მისაღწევად ადამიანებს სამუშაო დღის რადიკალურად შეცვლა არ სჭირდებათ.

„ყოველ საათში ხუთწუთიანი გასეირნება სრულიად საკმარისია განწყობის გასაუმჯობესებლად და დაღლილობის შესამცირებლად. ამასთან, მონაწილეთა უმეტესობამ ეს რეჟიმი მარტივად შესასრულებლად და რეალისტურად მიიჩნია“, – აღნიშნა მკვლევარმა.

სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დღის განმავლობაში რეგულარული მოძრაობა არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს, არამედ ყურადღების კონცენტრაციის, მენტალური კეთილდღეობისა და სამუშაო ეფექტიანობის გაუმჯობესებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები