თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, აგურის ძველი ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
როგორც “ფორტუნას” თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, აღმოჩენის შესახებ მაშინვე აცნობეს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს, რომლის წარმომადგენლებმაც კვლევითი სამუშაოები უკვე დაიწყეს.
როგორც საქალაქო სამსახურში აცხადებენ, დასკვნისა და სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე გახდება ცნობილი, თუ რა ფორმით გაგრძელდება აღნიშნულ ლოკაციაზე სამუშაოები.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა აღმოჩენამ სამუშაოები გაახანგრძლივოს ან გადაადგილების სქემა შეცვალოს – საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არაფერი იცვლება, რადგან აღნიშნული ლოკაცია სამოძრაოდ ისედაც შეზღუდულია:
“ამ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას ვაწარმოებთ. ადგილზე კომპანია GWP მუშაობს. ასევე დაწყებული გვაქვს სანიაღვრე ქსელის მოწყობა. შესაბამისად, ითხრება ხოლმე მიწისქვეშ გრუნტი.
სწორედ ამ გრუნტის გათხრის შედეგად აღმოჩნდა აგურის ძველი ფრაგმენტი. ვერ ვიტყვით კედელია, შესაძლო კოლექტორი, თუ რა არის.
რა თქმა უნდა, მაშინვე მოვახდინეთ რეაგირება. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ჩვენი წარმომადგენლები მუდმივად ადგილზე არიან, თუმცა საკითხს მხოლოდ ჩვენი დასკვნა არ ეყოფა. ძეგლთა დაცვას ოფიციალური წერილით მაშინვე მივმართეთ, სპეციალისტები შეისწავლიან, რა არის, რა პერიოდის. სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე უკვე გვეცოდინება პასუხი.
აღნიშნული ლოკაცია დღეს არის გათხრილი. ფრაგმენტი აღმოჩენილია, თუმცა სანამ სპეციალისტები შესაბამისად არ შეისწავლიან, პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ ეს ისტორიული წერტილია.
რაც შეეხება მოძრაობის სქემას, ჯერჯერობით არაფერი იცვლება. ეს ლოკაცია ისედაც შეზღუდულია სამოძრაოდ. იქ სადაც რეაბილიტაცია ხორციელდება, სამუშაოები წარმოებს, გრუნტი საკმაოდ დიდ სიღრმეზე არის გაჭრილი.
სამუშაოებს გადაავადებს თუ არა, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. არეალი და სამუშაოც დიდია. ამ კონკრეტულ ლოკაციაზე კი, სანამ შესწავლა არ დასრულდება, რა თქმა უნდა, ხელს ვერ მოვკიდებთ. იმ კონკრეტულ კედელს არ ვეხებით. უნდა გვქონდეს დასკვნა, შემდეგ კი ამ დასკვნის საფუძველზე სპეციალისტების რეკომენდაცია, თუ რა ფორმით უნდა გაგრძელდეს იმ ლოკაციაზე სამუშაოები.
ძეგლთა დაცვის წარმომადგენლების მიერ კვლევითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს”, – განუცხადეს “ფორტუნას” თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში.