30 ოქტომბერს, ჯანო კახიძის სახელობის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში, ლადო ათანელის საიუბილეო სოლოკონცერტი გაიმართება. შესრულდება როგორც ევროპელი, ასეევ ქართველი კომპოზიტორების კლასიკური და ქალაქური ნაწარმოებები. ცნობილ ბარიტონს გვერდს დაუმშვენებს თანაკურსელი, იანო-თამარი ალიბეგაშვილი, ასევე მისი კონკურსის გამარჯვებული, ტენორი ირაკლი კახიძე. გარდა ამისა, სოლოკონცერტში მონაწილეობენ სახელმწიფო კაპელა და ორკესტრი ვატო კახიძის დირიჟორობით.
ბატონო ლადო, როგორია თქვენთვის ქართველ მაყურებელთან შეხვედრა?
ვფიქრობ, ქართველ მსმენელსა და მაყურებელს ლამაზ საღამოს ვაჩუქებთ. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ქართველ მაყურებელთან შეხვედრა და ამას თან ახლავს სასაიმოვნო ღელვა, უფრო მეტად ვარ ხოლმე კონცენტრირებული. სხვათა შორის, ქართველი მსმენელი განებივრებულია ძალიან მაღალი დონის კულტურით, მას ვერაფერს გამოაპარებ, ამიტომ ჩვენი საზოგადოების სიყვარულისა და პატივისცემის დამსახურებას თავდაუზოგავი შრომა სჭირდება. ქართველი რომ შემაფასებს და გულში ჩამიხუტებს, ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
თბილისობის გალაკონცერტის რეპეტიციაზე ვიმყოფებით. ბიგ-ბენდთან ერთად „თბილისოს“ ასრულებთ…
ადრე, როდესაც საქართველოში ვიყავი, ყოველთვის აღვნიშნავდი ამ დღესასწაულს, ვაგემოვნებდი კახურ ფელამუშს, ყურძენს და სხვადასხვა ნუგბარს (იღიმის). გავიდა წლები. ჩემი დებიუტია, რადგან ჩემთვის ძვირფასი დღესასწაულის ფარგლებში, პირველად წარვდგები ქართველი მაყურებლის წინაშე. აქამდე თბილისობაზე, როგორც ხელოვანი, არასდროს გამოვსულვარ. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ მუდამ დიდი სურვილი მქონდა, ნაარმოები შემესრულებინა სრულიად ფანტასტიკურ თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად და დიდი მადლობა შეთავაზებისთვის ბატონ გაიოზ კანდელაკს. ამ თარიღისთვის სპეციალურად ჩამოვედი. ასე რომ, ამ თბილისობაზე ორ სურვილს ავისრულებ (იღიმის).
თბილისობა არის ულამაზესი დღესასწაული. ყველა მისი მონაწილე ივიწყებს ყველაფერს სხვას და ერთმანეთს მხოლოდ სიყვარულსა და სითბოს უზიარებს (იღიმის).
ნინო მურღულია