კომპანია Lamborghini-მ იტალიის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა საწარმო ორი კვირით გააჩერა. წარმოება წესით 25 მარტს უნდა განახლდეს.
ბრენდის ხელმძღვანელმა სტეფანო დომენიკალიმ ასეთი გადაწყვეტილება „სოციალური პასუხისმგებლობის აქტად“ შეაფასა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მაღაზიების და აფთიაქების გარდა თითქმის ყველაფერი დაიხურა. ზოგადად, ავტომწარმოებლებს ხელისუფლებამ მუშაობის გაგრძელების ნება დართო, მხოლოდ იმ პირობით რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნებოდა დაცული. თუმცა, Lamborghini-ს წარმომადგენლობამ მაინც მეტი სიფრთხილე და შესაბამისად მუშაობის შეწყვეტა ამჯობინა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთმა იტალიურმა ბრენდმა Fiat–მაც შეაჩერა მუშაობა. პეკინის, ჟენევის და ნიუ–იორკის ავტოსალონები კი რამდენიმე თვით გადაიდო.