ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს ექსკლურსიაზე დაღუპული სკოლის მოსწავლის, სოფი ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ბერძენიშვილი. შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სკოლა „ალბიონის“ ორ მასწავლებელს ბრალი წარუდგინეს.
ლანა ბერძენიშვილი:
ბავშვს რომ ეძებდნენ და მე იქ ვბღაოდი, დირექტორი ჩამოვიდა და ყველას მოძღვრავდა, ნუ გეშინიათ, ყველა დოკუმენტი წესრიგში გვაქვსო. ბავშვი მკვდარი დამიბრუნეს და თურმე მე უნდა მრცხვენოდეს, ოთხი შვილის მამას და სამი შვილის დედას როგორ არ ვინდობ.
ასეთი საყვედური გითხრათ ვინმემ?
დიახ, სკოლის თანამშრომელმა პირად ჩატში მომწერა. მეუბნებიან, ხომ არ გაცოცხლდება, ისინი რომ დასაჯონო. რა მნიშვნელობა აქვს, გაცოცხლდება თუ არა? ასეთი მიდგომა რომ გვაქვს, იმიტომ არავინ არაფერზე აგებს პასუხს და არის განუკითხაობა…
ახლა რომ ცრემლებს აღვარღვარებენ, მკითხეთ, ერთი წლის განმავლობაში რომელიმე მასწავლებელი მოვიდა ჩემთან, ჩამივარდა მუხლებში და მითხრა, მომკალით, რა გავაკეთოო? ორივე გაიტრუნა და ერთი ყვავილიც არ მიუტანიათ ჩემი შვილის საფლავზე. მათი „ფეისბუქგვერდები“ დავათვალიერე და ჩემს შვილზე ერთი სიტყვაც არ აქვთ ნათქვამი. როგორ იკადრეს, ის ეთქვათ, რომ დაუმორჩილებელი შვილი მყავდა! პირიქით, სითბოთი და სიკეთით სავსე შვილი მყავდა. ცუდს არავისზე იტყოდა. ნარნარა და წყნარი არ ყოფილა, ფეხბურთზე დადიოდა, დამოუკიდებელი გოგო იყო, რა მერე, ასე უნდა თქვა?!
ბოდიში რომ მოეხადათ, სინანული გამოეხატათ, შეიცვლებოდა თქვენი პოზიცია?
ყველაზე მეტად იმაზე ვარ გამწარებული, ყრუ კედელი რომ აღმართეს და ალბათ, ფიქრობდნენ, არაფერიც არ იქნებოდა და იტყოდნენ, რომ ის უბედური შემთხვევა ჩემი შვილის ბრალი იყო, მაგრამ გარიკვა ყველაფერი…